ქვრივიშვილმა ელექტროსიტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი დავით ვარდიაშვილი წარუდგინა.

პუბლიკა

მარიამ ქვრივიშვილმა სახელმწიფო ელექტროსიტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა.

პრესრელიზისი თანახმად, მარიამ ქვრივიშვილმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა, ყოფილ ხელმძღვანელ ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში:

ის სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე.

2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ასევე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში.

დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, 2 აგვისტოს bm.ge-მ გაავრცელა. ეკონომიკის სამინისტრო ამბობდა, რომ ზარდიაშვილი შვებულებაში იყო.

დღეს უწყებამ განაცხადა, რომ ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

24 ივლის, დაახლოებით 00:20 საათიდან და 25 ივლისს 08:00 საათზე ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოირთო.

სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. საკითხს სწავლობს სემეკიც.

25 ივლისს გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

30 ივლისს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ გათიშვის შესახებ პირველადი დასკვნა წარადგინა.

დასკვნის მიხედვით, 24 ივლისს, დაახლოებით, 00:10 წუთზე საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოეყო და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, შედეგად დაიწყო ელექტროსადგურების და მომხმარებლების ე.წ. კასკადური გამორთვა და ელექტროენერგია სრულად გაითიშა.

5 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გაითიშა ელექტროენერგია. სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა თქვა, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას და სწორედ ამ დროს მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა.