დღეს, 29 იანვარს ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა – შეიქმნება ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.
რა არის „მოსკოვის მექანიზმი“
„მოსკოვის მექანიზმი“ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია მონაწილე სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ვალდებულებების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებზე რეაგირებისთვის.
„მოსკოვის მექანიზმი“ 1991 წელს, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრაზე მიიღეს. იგი ავსებს და აუმჯობესებს 1989 წელს „ვენის მექანიზმს“. ორივე მათგანი მიზნად ისახავს, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევები. თუმცა, ვენის მექანიზმი ინფორმაციის გაცვლას ისახავს მიზნად, მოსკოვის მექანიზმი კი იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირებისთვის. ამიტომ, პრაქტიკაში ვენის მექანიზმი ჩაანაცვლა მოსკოვის მექანიზმმა.
როგორ მუშაობს „მოსკოვის მექანიზმი“
ერთი ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფო ოფიციალურად აამოქმედებს „მოსკოვის მექანიზმს“, როგორც წესი, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ან დიპლომატიური არხებით.
მექანიზმის ამოქმედება შეუძლია ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს.
ამოქმედება არ ხდება ავტომატურად – საჭიროა ოფიციალური მოთხოვნა. ტრადიციულად, თუ ერთ სახელმწიფოს სურს მექანიზმის ამოქმედება და მას მხარს უჭერს 9 სხვა სახელმწიფო, მექანიზმი შეიძლება გააქტიურდეს იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშეც, სადაც სავარაუდოდ დაირღვა ადამიანის უფლებები.
საქართველოს შემთხვევაში, მექანიზმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა 24-მა ქვეყანამ.
სახელმწიფოს შეუძლია, მექანიზმი თავის ტერიტორიაზეც აამოქმედოს ადამიანური განზომილების პრობლემების გადასაჭრელად (მაგალითად, მოიწვიოს ექსპერტთა მისია საკუთარი სურვილით).
მექანიზმის მუშაობისთვის საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა მისია, რომელიც, როგორც წესი, 3 ადამიანს აერთიანებს. ექსპერტებს ირჩევენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ შედგენილი სიიდან.
საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყნები უთითებენ, რომ საქართველოს შეუძლია, მისიის ერთი წევრი აირჩიოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ წარმოებული ადამიანური განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან.
ექსპერტთა სიაში, რომელიც ბოლოს 2026 წლის 2 იანვარს განახლდა, არის რამდენიმე ათეული ექსპერტი ეუთოს წევრი 18 სახელმწიფოდან. მათ შორის არ არის საქართველო.
ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია შეისწავლის პრობლემურ საკითხებს, რაც მოიცავს ადგილზე ვიზიტებს, ინტერვიუებს, მონაცემთა შეგროვებას, სამართლებრივ ანალიზს და ა.შ.
გამოძიების შემდეგ მისია ამზადებს ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი მიგნებები და რეკომენდაციები.
საქართველოს შესახებ 24 ქვეყნის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„მისიამ უნდა მოამზადოს ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები, დაადგინოს ფაქტები და გასცეს რჩევები.
მისიას, სხვა საკითხებთან ერთად, დაევალება:
- მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება;
- შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ დეფინიციას;
- შეიმუშაოს რეკომენდაციები პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით“.
მისიის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს. მექანიზმი არ აწესებს სავალდებულო სამართლებრივ ვალდებულებებს, თუმცა მისი რეკომენდაციები საფუძვლად ედება დიპლომატიურ და პოლიტიკურ რეაგირებას.
თუ სახელმწიფო უარს ამბობს თანამშრომლობაზე ან ექსპერტების მიღებაზე, „მოსკოვის მექანიზმი“ მაინც მოქმედებს სხვა ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე.
შესაბამისად, ექსპერტები ნებისმიერ შემთხვევაში მოამზადებენ ანგარიშს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე უარმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ მუშაობას.
„მოსკოვის მექანიზმი“ არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ინსტრუმენტი. ის არ არის სასამართლო ან ტრიბუნალი. „მოსკოვის მექანიზმი“ არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; არ გამოსცემს განაჩენებს; არ აიძულებს მხარეებს რეკომენდაციების შესრულებას.
„მოსკოვის მექანიზმი“ ქმნის ავტორიტეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ ანალიზს, რომელიც აძლიერებს დიპლომატიურ ზეწოლას და გამოიყენება, მათ შორის, გაეროს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროცესებისთვის.
რა იწვევს ეუთოს ქვეყნების შეშფოთებას საქართველოს შემთხვევაში
29 იანვრის განცხადების თანახმად, მათი შეშფოთების საგანია შემდეგი (თუმცა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით):
- საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ დამოუკიდებელი მედიის სამოქმედო სივრცის შეზღუდვას;
- ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული სამართლებრივი ქმედებები;
- არჩევნების კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში;
- მმართველი პარტიისადმი აფილირებული მედიების მიერ დეზინფორმაციის აქტიური გავრცელება;
- კამპანიები დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ;
- გაერთიანების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა;
- პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და სამართლებრივი დევნა;
- სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიული სისტემის გასაძლიერებლად;
- ბრალდებები თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ;
- გადამეტებული ძალადობა და თვითნებური დაკავებები;
- ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება.
ამ დრომდე ეუთომ „მოსკოვის მექანიზმი“ 16-ჯერ გაააქტიურა – საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა.
მანამდე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ გამოყენებული აქვს, მათ შორის: მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში; ასევე, ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში.
2024 წლის დეკემბერში ქართულმა ოპოზიციურმა კოალიციებმა და პარტიებმა: კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“ ეუთოს მიმართეს მოთხოვნით, „გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის მიტაცებულ არჩევნებს“.