სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებმა: ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ მმართველი გუნდის ინიციატივა გაახმაურეს, საქართველოში ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის ჩამოსვლის შესახებ. „ოცნების“ აღმასრულებელმა და გენერალურმა მდივნებმა ევროპარლამენტარებს ფაქტების დამდგენის მისიის მოვლინება გიგი უგულავას საქმის შესასწავლად შესთავაზეს.
„მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრი ევროპარლამენტარებისთვის უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ჩვენ შევთავაზეთ მათ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის გაგზავნა, სისხლის სამართლის საქმის არსისა და პროცედურული მხარის შესასწავლად და შესაფასებლად, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – წერდა კახა კალაძე Twitter-ზე.
მმართველი გუნდის წინადადებას, ევროპარლამენტში „ოცნების“ პარტნიორმა „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES) დაუჭირა მხარი, თუმცა ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების შევაზებას განიხილავდნენ. „ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში „დაახლოებით მარტისთვის“ ჩამოვა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტართა მისია, რომელიც გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეს შეისწავლის, საქართველოში დაახლოებით მარტში ჩამოვა. როგორც კობახიძემ თქვა, მისია დაადგენს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი“.
მისიის შესაძლო ჩამოსვლას მიესალმება, თუმცა ამ ნაბიჯს ხელისუფლების მოკლევადიან PR-სვლას უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ ინსტიტუციურად ეს ფორმატი არ არსებობს და მისია შეიძლება არც შეიქმნას.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მისია, აქ ჩამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლების პოზიციას არ გაიზიარებს. „პროცედურულ ნაწილში შეუძლებელია, ფაქტების დამდგენმა კომისიამ არ დაადგინოს პოლიტიკური დღის წესრიგი და მიკერძოება“, – განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.
რა არის ფაქტების დამდგენი მისია, ვინ მონაწილეობს მასში და რისი შესწავლა შეუძლია? ლუვენის უნივერსიტეტის მკვლევარი თეონა ლავრელაშვილი, რომელიც ბოლო წლებში პოლიტიკის ოფიცერი იყო ევროპის კომისიასა და ევროპის პარლამენტში, „პუბლიკას“ ფაქტების დამდგენი მისიის შესახებ ესაუბრა.
არსებობს თუ არა ფაქტების დამდგენი მისიის პრაქტიკა და ვინ არიან მისი წევრები?
„კი, მსგავსი პრაქტიკა არსებობს. მისიებს შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა მიზანი – გაცნობითი, სასწავლო, ფაქტების დამდგენი, მონიტორინგის და ა.შ.“, – განმარტავს თეონა ლავრელაშვილი „პუბლიკასთან“ და ამბობს, რომ ევროპარლამენტი მისიებს საკმაოდ ხშირად იყენებს.
ევროპარლამენტში დღეს 22 კომიტეტი მოქმედებს. მათ შორის: საგარეო საქმეთა კომიტეტი; სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი; გარემოს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კვების უსაფრთხოების კომიტეტი და სხვ.
ევროპარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, თითოეულ კომიტეტს შეუძლია, გადაწყვიტოს ამა თუ იმ სახის მისიის ორგანიზება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, არაწევრ ქვეყანაში ან საერთაშორისო კონფერენციაზე. მისიები ხორციელდება თითოეული კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში და შედგება კომიტეტის წევრთა განსაზღვრული რაოდენობით.
რაც შეეხება ფაქტების დამდგენი მისიის ორგანიზებას, ევროპარლამენტს სხვადასხვა დროს მსგავსი მისია მიუვლენია ესპანეთში, იტალიაში, კვიპროსსა და გერმანიაში. მაგალითად, ესპანეთში ფაქტების დამდგენი მისია ესპანეთის ერთ-ერთი ეროვნული პარკისა და მის გარშემო ტერიტორიის მდგომარეობის გაუარესებას იკვლევდა, ადგილობრივი ორგანიზაციების პეტიციის საფუძველზე, გერმანიაში კი – ნახშირის მოპოვების უარყოფით გავლენას ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემოზე.
ლავრელაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ყველა კომიტეტს აქვს უფლება, წლიურად კომიტეტის შემადგენლობის ნახევარი გაგზავნოს მისიით. მისი წევრები არიან ევროპარლამენტის წევრები მხოლოდ იმ კომიტეტიდან, რომელიც წარმართავს ამ მისიას.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ თუკი მისიის დანიშნულების ქვეყანა/საკითხი პირდაპირ უკავშირდება სხვა ევროპარლამენტარებს (მაგალითად არიან ევრონესტის დელეგაციაში, ან აქვს განსაკუთრებული ინტერესი ან/და ექსპერტიზა საკითხის ირგვლივ), კომიტეტს შეუძლია, ჩართოს აღნიშნული წევრებიც მისიაში“, – ჰყვება თეონა ლავრელაშვილი.
მისივე თქმით, მისიას, როგორც წესი, თან ახლავს რამდენიმე მრჩეველი ევროპარლამენტის ადმინისტრაციიდან ან პოლიტიკური ჯგუფებიდან, ხოლო წევრების შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ კომიტეტი იღებს.
როგორ მუშაობს ფაქტების დამდგენი მისია?
თეონა ლავრელაშვილის თქმით, მისიის ხანგრძლივობა დიდი არ არის, მაქსიმუმ – 3 დღე. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი დამატებით კიდევ 2 დღით გაგრძელება.
„უნდა აღინიშნოს, ასევე, ისიც, რომ მისიის წარმომადგენლებს მხოლოდ მისიის სახელით შეუძლიათ განცხადების გაკეთება, რაც შესაძლოა, არ ასახავდეს ევროპის პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის პოზიციას“.
რა შემთხვევაში ხდება მისიის მიწვევა და ვინ იწვევს მას?
თეონა ლავრელაშვილის განმარტებით, მისიის მოწვევა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს შეუძლია, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას თავად ევროპარლამენტი იღებს. „შესაძლოა, მთავრობამ, ან საელჩომ, ან სხვა ინტერესთა ჯგუფმა შესთავაზოს მისიის მოწვევის იდეა ევროპის პარალმენტის კომიტეტს, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ კომიტეტი როგორც პოლიტიკური, ასევე პროცედურული თვალსაზრისით. შესაბამისად, მისია ჩამოდის არა მთავრობის ან ოპოზიციის მოწვევით, არამედ უშუალოდ კომიტეტის გადაწყვეტილებით“.
რისი შესწავლა შეუძლიათ გიგი უგულავას საქმეში?
რაც შეეხება უგულავას საქმეს, ლავრელაშვილის თქმით, ჩამოსვლის შემთხვევაში, მისია საქმის პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხით დაინტერესდება, თუმცა საეჭვოა, რომ საქმის არსებითი შესწავლისა და საკითხის გადაწყვეტის ამბიცია ჰქონდეს, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის.
„მისია შეხვდება როგორც სამთავრობო უწყების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამართალდამცავ ორგანიზაციებს, მისი დასრულების შემდგომ კი მისიის თავმჯდომარე და წევრები მოიწვევენ პრესკონფერენციას.
ასევე, მისია მიიღებს რეპორტს/დასკვნას, რომლის შინაარსზეც იქნება დამოკიდებული, მოჰყვება თუ არა ევროპის პარლამენტიდან ან ევროკავშირის სხვა ინსტიტუციებიდან დამატებითი ცალკე რეზოლუცია ან განცხადება უგულავას საქმეზე, სადაც იქნება ან არ იქნება მოხსენიებული უგულავა, როგორ პოლიტიკური პატიმარი“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.