უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება მიიქცია ლგბტ თემში გავრცელებულმა ტერმინმა „ქიმსექსი“ (Chemsex), რომელიც ასევე გვხვდება Chemfun, Party and Play ან PNP სახელწოდებებით, – ვკითხულობთ „თანასწორობის მოძრაობის“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადებულ საქართველოს ქიმსექსის კვლევაში.
კვლევის ავტორები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი სოსელია და გენდერის მკვლევარი გვანცა კვინიკაძე არიან. ისინი კვლევის ფარგლებში მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრებ მსმ (მამაკაცი, რომელსაც სქესობრივი კავშირი აქვს მამაკაცთან) თემში ქიმსექსის პრაქტიკისა და სქესობრივ კონტექსტში ფსიქოატიური ნივთირებების მოხმარების მახასიათებლების გამოვლენას, ჯანმრთელობის რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
სანამ კვლევის შედეგებზე გადავალთ, მანამდე უნდა განვმარტოთ, რა არის ქიმსექსი და რა ამბობენ მის რისკებზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები.
რა არის ქიმსექსი?
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ქიმსექსის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობის და სხვადასხვა წყაროში ვხვდებით განსხვავებულ დეფინიაციას. თუმცა, ქიმსექსისადმი საყოველთაო მიდგომა მოიცავს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ სექსს მამაკაცებს შორის, რომელთა მიღებაც ხდება უშუალოდ სქესობრივ აქტამდე ან/და მის დროს. „ქიმსექსის“კონცეფცია გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებას სქესობრივი აქტის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შეზღუდვებისგან გათავისუფლებას, სიამოვნების გაზრდას, სქესობრივ სტიმულირებას, სექსუალური აქტის გახანგრძლივებასა და ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევას (თვითშეფასების ამაღლება, მოდუნება, ინტერნალიზებული სტიგმის დაძლევა და სხვა).
„ქიმსექსი’’ მეტწილად გავრცელებულია მსმ პოპულაციაში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებიც ხშირად მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლს სექსის დროს, რაც მათთვისაც სექსუალურ ჯანმრთელობისათან დაკავშირებულ სხვადასხვა რისკს შეიცავს.
კვლევის ავტორები სხვადასხვა ქვეყნის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალების გამოყენება ქიმსექსის დროს განსხვავდება განტვირთვის მიზნით ალკოჰოლის, ექსტაზის ან სხვა საშუალებების მოხმარებისგან, რომლებიც არანაკლებ პოპულარულია მსმ პოპულაციაში. ქიმსექსის დროს, უგულვებელყოფილია პარტნიორის სექსუალური, ემოციური საჭიროებები, დაბინდულია ცნობიერება და გაზრდილია სარისკო ქცევა. გარკვეული ნივთიერებების მოქმედების შედეგად იზრდება დოფამინის გამოყოფა, რაც განსჯის უნარის დაქვეითებასთან ერთად, ხსნის ყოველგვარ შეზღუდვებს, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სოციალურ, კულტურულ ან ფსიქოლოგიურ ბარიერებთან.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში კი, მკვლევართა ჯგუფი შეეცადა, შეესწავლა რამდენად გავრცელებულია მსოფლიოში არსებული პრაქტიკა საქართველოში და იმეორებს თუ არა ადგილობრივი დინამიკა რისკების მიმართულებას.
მოკლედ კვლევის მეთოდოლოგიაზე
კვლევისთვის გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი კვლევა მოიცავდა ელექტრონულ (ონლიან) გამოკითხვას, რის მიხედვითაც გაანალიზდა 407 რესპონდენტის კითხვარი. თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის დისკუსიები მსმ თემის წევრებთან და პირისპირ ჩაღრმავებულ ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუები დარგის ექსპერტებთან. ჯამში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის 5 დისკუსია, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 27-მა ადამიანმა. პირისპირ ჩაღრმავებული ინტერვიუ კი ჩატარდა 4 რესპონდენტთან.
ონლაინგამოკითხვასა და ფოკუს-ჯგუფის დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს 18 ან უფროსი ასაკის მამაკაცებმა, რომლებიც ადასტურებენ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის პრაქტიკას.
ფოკუს-ჯგუფის დისკუსიებში ჩაერთნენ მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცთან ჰქონია, სულ მცირე, ერთხელ უკანასკნელი თვის განმავლობაში და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პრაქტიკა უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში; ონლაინგამოკითხვაში კი მამაკაცი ან ტგქ, რომელიც უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის თვითდადასტურებას ახდენდა.
ქიმსექსი და სქესობრივ კონტექსტში ნარკოტიკების მოხმარება – კვლევის შედეგები
საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა მსმ თემში. კვლევის რაოდენობრივი ნაწილის შედეგებით, რესპონდენტთა 58.23% აღნიშნავს, რომ ჰქონია სქესობრივი კონტაქტი ალკოჰოლისა ან ნარკოტიკული საშაულებების ზემოქმედების ქვეშ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. ამასთანავე, მათგან 68.78% მიუთითებს, რომ ალკოჰოლი ან ნარკოტიკული საშუალებები მიუღია უშუალოდ სქესობრივი პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სტიმულირების მიზნით.
ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგების შესაბამისად, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ქიმსექსის პრაქტიკა საქართველოში პრინციპულად განსხვავდება მსოფლიოში გავრცელებული გამოცდილებისაგან. საქართველოში ქიმსექსის პრაქტიკას არ აქვს ტრადიციული ქიმსექსის სტრუქტურა და ის აუცილებლად არ მოიცავს ქიმსექსის დროს გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებების კომბინირებულ მოხმარებას, არამედ დამოკიდებულია დროის მოცემულ მომენტში ხელმისწვდომ ნარკოტიკულ საშუალებებზე და სხვა გარემო-ფაქტორებზე.
კვლევის თვისებრივი კომპონენტების ფარგლებში, შეგროვებული ინფორმაციის ანალიზმა გამოავლინა, რომ საქართველოში ქიმსექსთან დაკავშირებული ცოდნისა და ინფორმირებულობის დონე მწირი და არასრულყოფილია. კვლევამ გამოავლინა, რომ მსმ თემში დაბალია ცოდნა და ინფორმირება ნარკოტიკული საშუალებების ეფექტებზე, რისკებსა და ჯანმრთელობაზე ზეგავლენაზე. მწირია, ინფორმირებულობის დონე ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ზედოზირების, მისი პრევენციისა და მართვის შესახებ.
კვლევამ გამოავლინა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელ მსმ თემში საკმაოდ დაბალია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საჭიროებების აღქმადობა და პრობლემის აღიარება. კვლევის იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ უშუალოდ სქესობრივი პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სტიმულირებისათვის მხოლოდ 39.88% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მოხმარება წარმოადგენს პრობლემას მათი ჯანმრთელობისთვის და მხოლოდ 14.11% ფიქრობს, რომ ესაჭიროება მხარდაჭერა. ამასთანავე, ამავე ჯგუფის რესპონდენტთა 64.42%-მა არ იცის, საჭიროების შემთხვევაში, სად უნდა მიიღოს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მომსახურებები.
მკაცრი ნარკოპოლიტიკა და მისგან გამოწვეული რისკები
კვლევის მონაწილე სუბიექტების ნაწილის აზრით, ეკონომიკური ფაქტორები და მკაცრი ნარკოპოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ ადამიანები მოიხმარენ იმ საშუალებებს, რაც ამა თუ იმ მომენტისთვისაა ხელმისაწვდომი. უმეტეს შემთხვევაში, მათ კონკრეტულად ისიც კი არ იციან, თუ რას მოიხმარენ, რაც კიდევ უფრო ზრდის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის რისკებს.
გამოკითხული ადამიანებისათვის ცნობილი არ იყო ინფორმაცია ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების მახასიათებლების შესახებ. რესპონდენტებმა არ იცოდნენ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს მათ ფსიქიკაზე, სხეულზე, ან რა ტიპის ქცევას და რისკებს აპროვოცირებს. ასევე, უმრავლესობისთვის უცნობი იყო, თუ როგორ უნდა ემართათ ზედოზირების შემთხვევები. ზოგიერთი მათგანის აზრით, სასწრაფოს გამოძახება სახიფათო იყო, რადგან ექიმები აუცილებლად შეატყობინებდნენ პოლიციას.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
კვლევის რესპონდენტებში მაღალია უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში შფოთვის (55.57%), დეპრესიისა (60.44%) და სუიციდალურობის მაჩვენებლები (60.44%). აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები მკვეთრად მატულობს იმ მსმ-ებში, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ სქესობრივ კონტექსტში, მათ შორის, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში შფოთვის მაჩვენებელი შეადგენს 74.85%-ს, დეპრესიის 69.94%-ს, ხოლო საკუთარი თავის დაზიანებისა ან სუიციდის მაჩვენებელი 77.91%-ს.
შფოთვისა და დეპრესიის გამომწვევ წამყვან მიზეზებად სახელდება ფინანსური/სოციალური მდგომარეობა (63.64%), სტიგმა/დისკრიმინაცია (39.07%) და ნარკოტიკების მოხმარება (26.29%).
სქესობრივი კონტაქტისას, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მოტივატორებად რესპონდენტთა 64.14% უთითებს, რომ აქვს უკეთესი შეგრძნებები და უფრო მრავალფეროვანი კონტაქტი, 50.21% აღნიშნავს, რომ თავს გრძნობს უფრო თავდაჯერებულად და თავისუფლად, ხოლო სქესობრივი აქტის გახანგრძლივება წარმოადგენს ნარკოტიკების მოხმარების მოტივატორს რესპონდენტთა 36.71%-სათვის.
„კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქიმსექსის მოტივატორები, ძირითადად, უკავშირდება სოციალური/კულტურული ნორმებისა და შეზღდუვებისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, ქიმსექსი თავისთავად წარმოადგენს არა მხოლოდ სქესობრივ პრაქტიკას, არამედ სოციალურ აქტს, რომელიც, სქესობრივი სიამოვნების გარდა, ადამიანებს უქმნით უსაფრთხოების, თავისუფლებისა და გამოხატვის გარემოს”, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
სარისკო და სქესობრივი ქცევა
ქიმსექსისა და სქესობრივ კონტექსტში ნარკოტიკების მომხმარებელ მსმ-ებში, ხშირია, მაღალი რისკის შემცველი სქესობირვი ქცევა. მათ შორის, გარკვეული სქესობრივი პრაქტიკების დროს დაუცველი სქესობრივი კავშირი. კერძოდ, დაბალია კონდომის გამოყენება უკანასკნელი ჯგუფური სექსის დროს (49.72%). ასევე, ფიქსირდება ჯგუფური სექსის დროს სხვადასხვა პარტნიორებთან ერთი და იმავე კონდომის გამოყენების პრაქტიკა.
მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ ქიმსექსისა და სქესობრივ კონტექსტში ნარკოტიკების მომხმარებელ მსმ-ებში დაბალია აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (პრეპ) მიღება, მიუხედავად, აივ-ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკისა.
მათი თქმით, მსმ თემის საჭიროებებზე საუბრისას, გამოიკვეთა კონფიდენციალურობის პრობლება სამედიცინო სერვისების მიღებისას. კვლევის მონაწილეები საუბრობდნენ უნდობლობაზე, სტიგმასა და ჰომოფობიაზე, რაც მნიშვნელოვან ბარიერად მიაჩნიათ როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის ეტაპზე – „მე არასოდეს არ ვიტესტები. კი, ვიცი სათემო ორგანიზაციაში შემიძლია, მაგრამ დადებითი რომ ამომივიდეს, ყველა გაიგებს. მაგას მირჩევნია არ ვიცოდე. მადლობა ღმერთს, ჯერ არაფერი მჭირს”.
ავტორები აღნიშნავენ, რომ აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციული მომსახურებები, მათ შორის, ზიანის შემცირებისა და მსმ პოპულაციაში პრევენციული პროგრამები მეტწილად გვერდს უვლის მსმ თემში ნარკოტიკების მოხმარებისა და ქიმსექსის პრაქტიკებს და მათთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ზიანის შემცირების პროგრამები მიმართულია მხოლოდ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე. ამასთანავე, ზიანის შემცირების მომსახურებების მიმწოდებლები ხასიათდებიან ლგბტ თემის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებითა და რიგ შემთხვევაში, ჰომოფობიური მიდგომებით.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც კვლევის სუბიექტები ქიმსექსის მოტივატორად ასახელებდნენ, ტრავმული სექსუალური კონტაქტის დროს ტკივილის შეგრძნების დაქვეითებაა, რაც დაავადებების გავრცელებასთან მჭიდრო კავშირშია. ტკივილის გაქრობასა და სექსუალური სურვილების თავისუფალი გამჟღავნება პირდაპირ უკავშირდება ფეტიშებს.
რესპონდენტები, ძირითად შემთხვევებში, საუბრობდნენ არაინექციურ მოხმარებაზე, თუმცა, რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ არეაერთგზის „გაუსინჯავს“ ინექციური გზით მოხმარებაც. უმეტეს შემთხვევაში, ინექციური მოხმარება უფრო მეტადაა სტიგმატიზებული, რადგან ის სტერეოტიპულად უკავშირდება დაავადებების გავრცელებასა და ადიქციას.
ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, იზრდება ინექციურ მოხმარებაზე გადასვლის ტენდენციები, რაც სამომავლოდ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.
დამატებით რისკფაქტორად რესპონდენტები განიხილავენ იმ ფაქტს, რომ ქიმსექსში ჩართული ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს ნაკლებად გამოცდილი ნარკოტიკების მოხმარებაში და არ იცოდეს დოზის ზუსტი შერჩევა და მართვა.
ქიმსექსის სპეციფიკა, მათ შორის, ხანგრძლივობა და გარემო ასევე ამცირებს დოზის შერჩევის, ისევე როგორც, ზოგად კონტროლს იმაზე, თუ რა ნივთიერებებს მოიხმარს ადამიანი და რა სიხშირით.
ერთ-ერთი რესპონდენტი მიუთითებს, ე.წ. „ბედ თრიფის” მართვის აუცილებლობაზე. მისი დაკვირებით, „ბედ თრიფი” საკმაოდ ხშირი მოვლენაა და მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, როგორც ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, ისე ადამიანის მდგომარეობაზე მოცემულ მომენტში, რაც მას მოწყვლადს ხდის გარემოს მიმართ, მათ შორის, სქესობრივ კონტექსტში.
კვლევაში მონაწილე რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების, მათი მახასიათებლებისა და უსაფრთხო მოხმარების შესახებ. გარდა იმისა, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების, ტესტირების, უსაფრთხო მოხმარების, ზიანის შემცირების სერვისების, ზედოზირების მართვის შესახებ, ასევე არასწორი წარმოდგენებია გავრცელებული საკანონმდებლო ბაზის შესახებ და ადამიანებმა არ იციან ვის შეიძლება მიმართონ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.
რეკომენდაციები:
მკვლევართა ჯგუფის რეკომედაციები მიმართულია ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში ქიმსექსთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო თუ სათემო პროგრამებში უნდა დაინერგოს
ნარკოტიკების არაინექციურ მოხმარებასთან და უშუალოდ, ქიმსექსთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მომსახურებები, უზრუნველყოფილი იქნას ქიმსექსისა და ნარკოტიკების მომხარებელი მსმ-ების ხელმისაწვდომობა აივ ინფექციის პოსტექსპოზიციურ პროფილაქტიკაზე და სხვა.