აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით მსოფლიო ლიდერს შესთავაზა, შეუერთდეს მის ინიციატივას „მშვიდობის საბჭო“ (Board of Peace), რომელიც, როგორც ტრამპი ამბობს, მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების მოგვარებას.
თუმცა, დიპლომატები აცხადებენ, რომ ტრამპის „მშვიდობის საბჭომ“ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გაეროს მუშაობას.
მაშინ, როდესაც ზოგიერთმა ტრადიციულმა მოკავშირემ აშშ-ს ფრთხილი პასუხი გასცა, ზოგმა კი ტრამპის შეთავაზება უარყო, სხვებმა, მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, რომლებსაც ვაშინგტონთან დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ (მაგალითად, ბელარუსი), წინადადება მიიღეს.
დღეს, 22 იანვარს დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას.
რა არის ტრამპის „მშვიდობის საბჭო“?
ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეა პირველად გასულ სექტემბერში წამოაყენა, როდესაც ღაზაში ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ საბჭოს უფლებამოსილება გასცდებოდა ღაზას და სხვა გლობალურ კონფლიქტებსაც მოიცავდა.
Reuters-მა მოიპოვა წესდების პროექტი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტი იქნება საბჭოს პირველი თავმჯდომარე და მის მოვალეობაში შევა მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობა.
წესდებაში აღნიშნულია, რომ წევრი ქვეყნების უფლებამოსილება სამწლიანი ვადით შემოიფარგლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი გადაიხდიან 1 მილიარდ დოლარს საბჭოს საქმიანობის დასაფინანსებლად, რითაც მუდმივ წევრობას მოიპოვებენ.
თეთრმა სახლმა ინიციატივის დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის დაასახელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ტრამპის მიწვევა ამ დროისთვის?
თეთრი სახლის წარმომადგენელმა 21 იანვარს განაცხადა, რომ დაახლოებით 50 გაგზავნილი მიწვევიდან, „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრებაზე თანხმობა 35-მდე მსოფლიო ლიდერმა განაცხადა.
მათ შორის არიან ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები: ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, იორდანია, კატარი და ეგვიპტე. მონაწილეობაზე დათანხმდნენ NATO-ს წევრი ქვეყნები — თურქეთი და უნგრეთი, რომელთა ნაციონალისტ ლიდერებს ტრამპთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ. სიაში ასევე არიან მაროკო, პაკისტანი, ინდონეზია, კოსოვო, უზბეკეთი, ყაზახეთი, პარაგვაი და ვიეტნამი.
მიწვევა მიიღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც, რომლებმაც გასულ აგვისტოს, თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.
უფრო წინააღმდეგობრივია ბელარუსის პრეზიდენტ ალიაკსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი მას დიდი ხანია უგულებელყოფს და არ აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო, მან მიიღო ტრამპის მიწვევა. Reuters წერს, რომ ეს ვაშინგტონსა და მინსკს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე ხდება.
რუსეთს ჯერ არ უთქვამს, შეუერთდება თუ არა მშვიდობის საბჭოს.
პასუხი არც ჩინეთს გაუცია. აშშ-სა და ჩინეთს შორის, მიუხედავად დიდხნიანი დაპირისპირებისა, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში სავაჭრო ზავი დაიდო, როცა ისინი შეთანხმდნენ ერთწლიან სატარიფო ზავსა და ჩარჩოზე. შედეგად, აშშ-მა ჩინეთს სავაჭრო ტარიფები 10%-მდე დაუწია.
Reuters ხაზს უსვამს, რომ რუსეთიც და ჩინეთიც გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრები არიან, ამიტომ ისინი ფრთხილობენ ნებისმიერი ინიციატივის მიმართ, რომელმაც შესაძლოა მათ გავლენას მსოფლიო ორგანიზაციაში ძირი გამოუთხაროს.
რომელმა ქვეყნებმა თქვეს უარი ან ჯერ არ ჩამოყალიბებულან?
ინიციატივას „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ, რომელიც გრენლანდიის, ტარიფებისა და სხვა საკითხების გამო ტრანსატლანტიკური უთანხმოების ფონზე გაჟღერდა, აშშ-ის ზოგიერთი ახლო მოკავშირე სიფრთხილით შეხვდა. მათთვის ხშირად მიუღებელია ტრამპის აგრესიული, ცალმხრივი და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (America First) მიდგომა საერთაშორისო დიპლომატიაში.
მაგალითად, საბჭოს წევრობაზე უარი თქვეს ნორვეგიამ და შვედეთმა უარი თქვეს მიწვევაზე, ხოლო იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ჯანკარლო ჯორჯეტიმ განაცხადა, რომ საბჭოში გაწევრება პრობლემური ჩანს. იტალიური გამოცემა Il Corriere della Sera-ს თანახმად, სხვა ქვეყნის ლიდერის მიერ მართულ ჯგუფში გაწევრიანება იტალიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საბჭოს წევრობაზე უარის თქმას აპირებს საფრანგეთიც, რის გამოც ტრამპი პარიზს ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
კანადამ განაცხადა, რომ „პრინციპის დონეზე“ თანახმაა, თუმცა დეტალებზე მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა საკვანძო მოკავშირეებს: ბრიტანეთს, გერმანიასა და იაპონიას – მათ თავიანთი მკაფიო საჯარო პოზიცია ჯერ არ გამოუხატავთ. თუმცა, კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ დაესწრო საბჭოს ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც დღეს, 22 იანვარს, უკვე გაიმართა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
უკრაინამ განაცხადა, რომ მათი დიპლომატები მიწვევას განიხილავენ, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის რთულია, წარმოიდგინოს რუსეთთან ერთად ყოფნა რომელიმე საბჭოში ოთხწლიანი ომის შემდეგ.
„მშვიდობის საბჭოში„ მიწვეულია პაპი ლეო XIV. ვატიკანის განცხადებით, ისინი ასევე სწავლობენ მიწვევას.
რა ძალაუფლება ექნება საბჭოს?
გაეროს უშიშროების საბჭომ „მშვიდობის საბჭოს“ მანდატი 2025 წლის ნოემბერში მიანიჭა, თუმცა მხოლოდ 2027 წლამდე და მხოლოდ ღაზაზე ფოკუსირებით. რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს და გამოთქვეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ აშშ-ის მიერ მომზადებულმა რეზოლუციამ გაეროს არ მისცა მკაფიო ფუნქცია ღაზის მომავალში.
აღნიშნული რეზოლუცია მიესალმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას, როგორც გარდამავალ ადმინისტრაციას, რომელიც „ჩამოაყალიბებს ჩარჩოს და კოორდინაციას გაუწევს ღაზის აღდგენის დაფინანსებას“ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიხედვით, სანამ პალესტინის ადმინისტრაცია დამაკმაყოფილებელ რეფორმებს არ გაატარებს.
რეზოლუციამ ასევე უფლება მისცა „მშვიდობის საბჭოს“, ღაზაში დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები განათავსოს. საბჭო ვალდებულია ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში უშიშროების საბჭოს 15 წევრს.
ღაზის მიღმა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სამართლებრივი ძალა ან აღსრულების ინსტრუმენტები ექნება „მშვიდობის საბჭოს“, ან როგორ ითანამშრომლებს ის გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საბჭოს წესდებაში ნათქვამია, რომ მის თავმჯდომარეს, ტრამპს, ექნება ფართო აღმასრულებელი უფლებამოსილება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებისა და წევრების გარიცხვის უფლება. წესდების თანახმად, საბჭო განახორციელებს „მშვიდობისმყოფელ ფუნქციებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
სად არის საქართველო
აშს-ს საქართველო „მშვიდობის საბჭოში“ ჯერჯერობით არ მიუწვევია.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, მიიწვევს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს “მშვიდობის საბჭოში” და თუ არა, რატომ?
პასუხად სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს:
„ველით პრეზიდენტის სამომავლო განცხადებას. ამ ეტაპზე წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძლია”.
21 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ არის საქართველო მიწვეული აღნიშნული საბჭოს წევრად, მაშინ, როცა მიწვეულები არიან რეგიონის სხვა ქვეყნები: აზერბაიჯანი და სომხეთი.
პასუხად ვოლსკიმ თქვა, რომ მასში „ჩართულები არიან ის ქვეყნები, ვინც მშვიდობას ან ომს განაპირობებენ“.
„ოცნების“ დეპუტატის თქმით, საქართველოს არ აქვს მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსები, თუმცა გამორიცხული არ არის, „მშვიდობის საბჭოში“ მომავალში მიიწვიონ.