რა ბედი ელის მათ, ვისაც ლუკმა-პურისთვის ყოველდღიურად უწევს შრომა? – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს

პუბლიკა

„მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც მუშაობს, რათა ყოველდღიური სარჩო გამოიმუშაოს. სახელმწიფოებმა უნდა იფიქრონ ამ ადამიანებზე. თუ აკრძალავენ ან შეზღუდავენ მიმოსვლას, რა ბედი ელის მათ, ვისაც ლუკმა-პურისთვის ყოველდღიურად უწევს შრომა?!“ – თქვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმოს გენერალური დირექტორი მოუწოდებს სახელმწიფოთა ლიდერებს, არ იფიქრონ მხოლოდ ზოგად ფაქტორებზე, ეკონომიკისთვის მიყენებულ ზიანზე, არამედ მხედველობაში მიიღონ თითოეული ადამიანი და ის, თუ რას მოუტანს ეს კრიზისი ამ ხალხს.

„შეიძლება, ბევრჯერ მითქვამს, რომ ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ. მე ვიცი, რას ნიშნავს ყოველდღე ნერვიულობდე იმაზე, საჭმელი გექნება თუ არა. ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში, რადგან თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.

უნდა ვიფიქროთ, როგორ აისახება ჩვენი მოქმედებები თითოეულ ადამიანზე. ეს არ ეხება, მაგალითად, მხოლოდ ინდოეთს. ეს ეხება ყველა ქვეყანას. თუნდაც დედამიწის უმდიდრეს ქვეყნებს ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც უწევთ, იშრომონ ყოველდღიური სარჩოსთვის“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.