ცხოველების დამცველი აქტივისტის ცნობით, ბათუმში ნაგავსაყრელს 500-მდე ძაღლი აფარებს თავს. ამასთან, ბოლო ერთი კვირაა ბათუმელებმა შეამჩნიეს, რომ ქალაქის ქუჩებიდან მიუსაფარი ძაღლები ქრებოდნენ. ზოგმა მიკედლებული ძაღლი ვერ იპოვა, ზოგს კი ის ძაღლი არ დახვდა ადგილზე, რომელსაც წლების განმავლობაში კვებავდა.
თეონა ყურშუბაძე ერთ-ერთი სამოქალაქო დამცველია, რომელმაც გაიგო, რომ ბათუმის ქუჩებიდან ძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაიყვანეს. ის „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, პასუხისმგებელ პირებს ვერ მიაკვლიეს.
თეონა ჰყვება იმასაც, რომ გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, თითქოს მერიის მოთხოვნით, ოქტომბრამდე, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით არცერთი ცხოველი ქალაქში არ უნდა ყოფილიყო.
ბათუმის მერიამ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ „ცრუ ბრალდებებია“. უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც დაგმო „ძალადობრივი ფაქტები მიუსაფარი ცხოველების მიმართ“ და თქვა, რომ პირიქით, ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით ბათუმის მერია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
თეონა ყურშუბაძე ამბობს, რომ აქციაც დაგეგმეს, რის შემდეგაც მათ მერიის წარმომადგენელი დაუკავშირდა, შეხვედრა დაიგეგმა ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან. პარალელურად, აქტივისტთა ჯგუფმა ნაგავსაყრელი მოინახულა და ნახა, რა ხდებოდა ადგილზე. „სურათი იყო საშინელი“, – გვეუბნება აქტივისტი.
„მერიამ დასახა გეგმა და გვკითხა, ჩვენ რას ვთავაზობდით და როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოგვარება“, – ამბობს თეონა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა მოხდეს აქტივისტებისა და ორგანიზაციების ჩართულობით რესურსების გაერთიანება პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით დაისვა შეკითხვა, ვისი ბრძანება იყო, რომ ქალაქიდან ძაღლები გაეყვანათ. როგორც თეონა ამბობს, როგორც მერმა, ასევე იქ მყოფმა თანამშრომლებმაც უარყვეს, რომ მათ ამის ბრძანება გასცეს.
„ჩემთვის მთავარი იყო, მოგვეგვარებინა ეს პრობლემა და გადაგვერჩინა ის ცხოველები ჯოჯოხეთისგან. ამ ყველაფერზე წამოვიდნენ. ჩვენი ინიციატივითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო პროცესები და ჩვენ უკვე გუშინ 6 დაუძლურებული ძაღლი ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ასევე, ჩვენი ძალებით 25 ცხოველი, რომლებიც არ იყვნენ დაავადებული და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის, უკან, ქალაქში დავაბრუნეთ“, – ამბობს აქტივისტი.
თეონა ყურუშაძე ამბობს, რომ „აიბოლიტის“ სერვისების აუთვისებელ ტერიტორიაზე იგეგმება ნაგავსაყრელზე მყოფი ძაღლების გადმოყვანა და ნაწილ-ნაწილ მკურნალობა.
„ტერიტორია გაიკაფა და დღეს დაიწყეს შემოღობვა. 20-20 ცხოველს გადმოვიყვანთ ამ ცალკე შემოღობილ არეალში. დავაკვირდებით, რომელიმეს თუ კანის პრობლემა ან დაავადება აქვს, გავმიჯნავთ ცხოველებს – ჯანმრთელს და კანის დაავადებების მქონეს. ვუმკურნალებთ როგორც „აიბოლიტის“ , ასევე სხვა კლინიკების ჩართულობით. ამის შემდეგ კი, ეს ცხოველები ისევ ქალაქის ქუჩებში დაბრუნდებიან”.
რას აპირებს ბათუმის მერია
ბათუმის მერიის პრესსამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ:
„მერიის პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე [ნაგავსაყრელიდან] უკვე გამოვიყვანეთ ის ძაღლები, რომლებსაც სჭირდებოდათ მკურნალობა. კიდევ იგეგმება დამატებითი ღონისძიებების გატარება სხვა ძაღლებთან მიმართებაში.
ამ ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია „სევერი“, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია და ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. ის ამ პროგრამის ფარგლებში 4600-მდე ცხოველს უტარებს კასტრაციას, მკურნალობას და ა.შ. მერიას 400 000 ლარამდე გვაქვს გამოყოფილი თანხა ამ მომსახურებისთვის”, – ამბობენ პრესსამსახურში.
მერიაში ამბობენ, რომ დარჩენილი ძაღლების გადაყვანა კი, ეტაპობრივად განხორციელდება. მათივე თქმით, მუნიციპალურ თავშესაფარში უკვე დაიდგა ძაღლებისთვის სპეციალური დამატებითი სახლები, იღობება და ეწყობა დამატებითი სივრცეები.
მერიაში გვეუბნებიან იმასაც, რომ ჩაქვის ტერიტორიაზე უკვე დაგეგმილია მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა. ჩატარებულია წინასაპროექტო მოკვლევა და გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები. თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. მათივე ცნობით, ნაგავსაყრელის ტერიტორია მალე დაიხურება, ხოლო ექსპლუატაციაში შევა ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყრელი.