რა ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა COVID-19-ის შესახებ – თენგიზ ცერცვაძის შეფასება

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, „ტვ პირველის“ ეთერში ბოლო სამი თვის განმავლობაში კოვიდინფექციის შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში დაგროვებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კოვიდინფექცია გაცილებით „ვერაგი ვირუსია“, ვიდრე გრიპის ვირუსი, რადგან გაცილებით უფრო მრავალფეროვან და მრავალმხრივ დაზიანებებს იწვევს ორგანიზმში.

„თავიდან, გვეგონა ჩვენ, რომ კოვიდინფექცია ეს იყო მხოლოდ ორმხრივი ატიპიური პნევმონია და მეტი არაფერი, პაციენტის ლეტალობა გამოწვეული იყო პნევმონიით და დისტრესსინდრომით. ასე არ არის, ჩვენი პრაქტიკითა და მსოფლიო გამოცდილებით, რომელიც დაახლოებით თანხვდენილია, ამ ვირუსს ახასიათებს ძალიან ბევრი თავისებურება, უცნაურობა და მოულოდნელი სიურპრიზები.

ეს ვირუსი გარდა უშუალოდ სასუნთქი სისტემის დაზიანებისა, ძალიან ხშირ შემთხვევაში იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის დაზიანებას, რაც გამოიხატება შემდგომ ტრომბოემბოლიზმში, მიკროტრომბოზებსა და მაკროტრომბოზებში. ძალიან ხშირია ტრომბოემბოლიური გართულებები, მათ შორის, ფილტვის არტერიის და ინსულტები. ეს ვირუსი არ აზიანებს მარტო სასუნთქ სისტემას, ის აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძალიან სერიოზულად. იწვევს მთელ რიგ დაავადებებს გულისას. იწვევს მიოკარდიტს, პერიკარდიტს, სისხლძარღვების ანთებას და ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც ბავშვებში არის გავრცელებული ამერიკასა და ინგლისში, სადაც ბოლომდე ვერ ხვდებიან, კავასაკის სინდრომს ჰგავს, რაც სისხლძარღვების ანთებით გამოიხატება და ძალიან სერიოზულია. საბედნიეროდ, ჯერ საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არის ან ნაკლებად არის დაფიქსირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოვიდინფექცია სერიოზულად აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლს, თირკმელს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას კი – ძალიან მრავალმხრივ. შედეგად კი, ცერცვაძის განმარტებით,  ეს დაავადება საჭიროებს მულტიპროფილურ მართვას, არა მარტო ინფექციონისტის ან რეანიმატოლოგის მიერ, როგორც აქამდე გვეგონა, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერაც.

„გამოითქმება ეჭვი, საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს დაავადება მას შემდეგ, რაც განიკურნება, ტოვებს ორგანიზმში სერიოზულ დაზიანებებს, ანუ უკვალოდ არ ქრება. ჩვენ ჯერ არ გვქონია საშუალება, რომ პოსტკოვიდური პაციენტები შეგვესწავლა, მაგრამ ლიტერატურაში, უცხოეთში ეს არის. მაგალითად, ჩინეთში, სადაც ადრე დაიწყო უფრო ეპიდემია, ნახულობენ, რომ ეს პაციენტებს, რომლებიც განიკურნენ, აქვთ რიგი დაზიანებები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა ტიპის კონტროლზე არიან დღეს საქართველოში კოვიდინფექციისგან განკურნებული პაციენტები, ცერცვაძე პასუხობს, რომ მათთან აქვთ სატელეფონო კონტაქტი და მუდმივად აფრთხილებენ, რომ, თუკი იგრძნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ცერცვაძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არც ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტს მათთვის ამ სახის ჩივილით არ მიუმართავს,

„ჩვენი გამოცდილებით, ყველა ეს გართულება დავაფიქსირეთ პაციენტებში ავადმყოფობის პერიოდში. ჩვენს რეალობაში პაციენტის გაჯანმრთელების მომენტისთვის ყველა ეს (ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები) ალაგებული იყო, ჩვენ პაციენტს ვწერდით ჯანმრთელს“, – განაცხადა ცერცვაძემ.