„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
საკანონმდებლო პაკეტი 5 დოკუმენტისგან შედგება და ცვლილებები შეეხება როგორც სასამართლოში მედიის მუშაობის შეზღუდვას, ასევე იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.
პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს, რომ მას მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიიღებენ.
რა წერია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის პროექტში
- მოსამართლეზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ზემოქმედება
ფართოვდება დაინტერესებული პირის განმარტება.
არსებულ კანონში ეს ტერმინი განიმარტება, როგორც პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას.
ახალ რედაქციაში კი ჩაიწერება, რომ დაინტერესებული პირია აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
ფართოვდება სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვაში ჩარევის დაუშვებლობის ცნება:
თუ აქამდე აკრძალული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, ახლა იკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.
თუ არსებულ კანონში კანონით ისჯებოდა მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, შემოთავაზებულ ცვლილებებში დასჯადი იქნება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
დაზუსტდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობად ჩაითვლება ვერბალური გამონათქვამი, უხამსი ქმედება და ა.შ., როგორც სხდომაზე, ასევე საჯარო სივრცეში.
„მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერნ ებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“, – წერია პროექტში.
ახალი პროექტით, სასამართლოს მიერ მიღებული აქტები საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდება საჯარო.
არსებული კანონით, აქტები მიღებისთანავე საჯაროვდება.
შემდეგნაირად ზუსტდება მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობის მუხლი:
„საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლოგადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სხვა ნებისმიერი პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს, ან – წარმოადგენს მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას“.
ამ წესის დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დაჯარიმება; საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – დისციპლინური პასუხისმგებობა.
პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ ამ წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარით.
- უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოში განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია;
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დაკომპლექტდება 3 წლის ვადით (ნაცვლად 2 წლისა) არჩეული 12 მოსამართლისგან;
უზენაესის სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატას 5 წლის ვადით აირჩევენ (ნაცვლად 3 წლისა);
უზენაესის პალატის თავმჯდომარეებს 5 წლის ნაცვლად 10 წლით აირჩევენ;
სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარეებს კი 5 წლით (ნაცვლად 3 წლისა);
- სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურა
სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს 10 წლით აირჩევენ (ნაცვლად 5 წლისა).
ასევე, შესაძლებელი ხდება, სააპელაციო სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლით განწესებული მოსამართლე.
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, ნაცვლად 5 წლისა, 10 წლის ვადით ენიჭებათ უფლებამოსილება.
- რაიონული (საქალაქო) სასამართლო
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეები 10 წლის ვადით დაინიშნებიან თანამდებობაზე (ნაცვლად 5 წლისა);
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით დაინიშნება (ნაცვლად 5 წლისა);
კანონში ჩნდება ახალი მუხლი, რომელიც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. მოადგილეც 10 წლის ვადით აირჩევა.
- მოსამართლეების სხვა სასამართლოში მივლინების, გათავისუფლების, დაწინაურების, ჩამოცილების წესი
კანონპროექტით, იუსტიციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით, მოსამართლის თანხმობის გარეშე, მოსამართლის 3 წლით სხვა სასამართლოში მიავლინოს. მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება.
არსებულ კანონში მოსამართლის მივლინება 2 წლით იყო შესაძლებელი და საბჭოს 2/3-ის თანხმობა არ იყო განსაზღვრული.
მოსამართლის დაწინაურება შესაძლებელი იქნება, თუ ის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 3 წელი (ნაცვლად 5 წლისა).
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტხანს ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას (ნაცვლად 4 თვისა);
- კანონში აისახა მოსამართლის პედაგოგიურ საქმიანობაზე იუსტიციის საბჭოს თანხმობის რეგულციები
„ოცნების“ პარლამენტმა მარტში მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, იუსტიციის საბჭო გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებასთან, აგრეთვე, მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლის (გარდა კანონმდებლობით აკრძალული სარგებლისა) მიღებასთან დაკავშირებით.
დღეს ინიციირებულ პროექტში თანხმობის გაცემის წესი რეგულირდება. მოსამართლეებს 1 სექტემბრამდე შეეძლებათ თანხმობის გარეშე საგანმანათლებლო საქმიანობა.
- იუსტიციის საბჭო
ახალი ცვლილებით, იუსტიციის საბჭო დაკომპლექტდება 15 წევრისგან, მათგან 11-ს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 2-ს ირჩევს პარლამენტი (3/5-ით), ხოლო 1 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი.
არსებულ კანონში პარლამენტი 5 წევრს ირჩევდა, მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო კი – 8 წევრს.
საბჭოში საერთო სასამართლოებს წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი [საერთო სასამართლოს მოსამართლე], მათ შორის, საბჭოს მდივანი.
1 სექტემბრიდან აუქმებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს.
სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად იუსტიციის საბჭოს სტრუქტურული ერთეული უხელმძღვანელებს.
მანდატურების ხელფასს იუსტიციის საბჭო განსაზღვრავს.
- ხელფასები
იზრდება როგორც საერთო სასამართლოების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახელფასო კოეფიციენტები, შესაბამისად, ხელფასები.
კანონში არსებული ფორმულით, მაგალითად, ამ წლის ბიუჯეტით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარი გახდება, მისი მოადგილეების ხელფასები 13 000 ლარს გადააჭარბებს;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის (ამჟამად მიხელ ჩინჩალაძე) ხელფასი გახდება 12 264 ლარი;
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გახდება 11 072 ლარი.