რა ცვლილებები შედის გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში - მოკლედ

პუბლიკა

„გრანტების შესახებ“ კანონის ცვლილებათა პაკეტი 7 დოკუმენტისგან შედგება.

ცვლილება შედის გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში, აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში.

პაკეტი პარლამენტში უკვე დაინიციირებულია. „ოცნება“ მის განხილვას დაჩქარებული წესით არ გეგმავს – ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებას, მინიმუმ, თვე-ნახევარი სჭირდება.

საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს იხსნება.

გრანტების შესახებ კანონში ცვლილება

ცვლილებით, გრანტს ემატება სამი ახალი განსაზღვრება, ასევე გრანტის მიმღები სუბიექტი ხდება სხვა „სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“.

პროექტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, ბინადრობის უფლების მქონისთვის, იურიდიული პირისთვის ან ა(ა)იპ-ისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც:

  • ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საგარეო ან საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ ან შეცვლისკენ;
  • შეიძლება, მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

გრანტად ასევე მიიჩნევა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის შესასრულებლად:

  • ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდაც სახსრების მიმღები ტექნიკურ დახმარებას უწევს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან სხვა სახის დახმარების ფორმით;
  • უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.

გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები.

ეს  არ ვრცელდება ბიზნესსაქმიანობის განხორციელების მიზნით ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევაზე.

ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა სჭირდება.

გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთ გრანტზეც, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული, კერძოდ:

თუ „უცხო სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა“ გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო, და ეს გრანტი არ გამოუყენებია, ის ვალდებული იქნება, მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს მთავრობას.

თანხმობის მიღებამდე ამ იურიდიულ პირს აეკრძალება მიღებული გრანტის გამოყენება საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განსახორციელებლად.

თუ კანონის ამოქმედების მომენტისთვის პირს გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აქვს მიღებული და ეს გრანტი არ გამოუყენებია, ეს პირი ვალდებულია, მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად მიმართოს მთავრობას;

თუ პირს მიღებული აქვს ისეთი გრანტი, რომელიც გრანტის მიღების დროს მთავრობის თანხმობას არ საჭიროებდა, თუმცა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ის ასეთ თანხმობას საჭიროებს, ამ გრანტის მიმღები ვალდებულია, მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად მიმართოს მთავრობას.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილება

პარტიების შესახებ კანონში ცვლილებით, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.

გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ მიიჩნევა სუბიექტი, „რომელიც არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას“.

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი.

„აღნიშნულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა იმ კალენდარული წლიდან 8 წლის განმავლობაში, როცა მან ბოლოს მიიღო შემოსავალი უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისგან“, – აღნიშნულია პროექტში.

პროექტში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია განმარტებულია, როგორც:

  • ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  • მაუწყებელი, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  • ორგანიზაცია, რომელიც ფლობს მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  • ორგანიზაცია, რომელიც ფლობს ან/და იყენებს ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და  მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

ცვლილების მიხედვით, პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება იწვევს ამ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ჯარიმით ან სასარგებლო შრომით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება

ფულის გათეთრების მუხლს (194-ე მუხლი) ემატება დამამძიმებელი გარემოება – „საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით“. გამოიწვევს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე.

6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ჯარიმით ან სასარგებლო შრომით დაისჯება:

  • მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიღება, გამოყენება, დოკუმენტაციაში მითითებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით, პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განსახორციელებლად გრანტის გამოყენება;
  • მთავრობის თანხმობის გარეშე ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ან გამოყენება;
  • „განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით“ მიღებული სახსრების მიღება ან გამოყენება;
  • სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა;
  • სხვა ქვეყნის იურიდიული პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გრანტის გამოყენება მთავრობის ნებართვის გარეშე;

  • გრანტის მიმღების მიერ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გრანტის გამოყენება მთავრობის ნებართვის გარეშე.

ამ ქმედებებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, განყოფილებაზე.

იგივე სასჯელი ემუქრება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ნებისმიერი სახის უცხოურ შემოწირულებას მიიღებს. პასუხისმგებლობა დაეკისრება პარტიის ხელმძღვანელს.

სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან სასარგებლო შრომით ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ჩამორთმევით დაისჯება პოლიტიკურ-პარტიული მიზნის მქონე სუბიექტის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დეკლარაციაში არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის ხელახლა დარღვევა – 40 000 ლარის ოდენობით.

„პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რამე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“, – აღნიშნულია პროექტში.

მეწარმე იურიდიული პირის დაჯარიმებაზე გადაწყვეტილებას აუდიტის სამსახური მიიღებს.