რა ცვლილებები შედის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და როგორ აფასებენ ინიციატივას

პუბლიკა

გუშინ, 27 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების პროექტს.

ცვლილებების განხილვაზე კანონპროექტის მიზანსა და დაჩქარებული წესით განხილვის მიზანშეწონილობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ბევრი შეკითხვა ჰქონდათ.

„რას ემსახურება ეს ცვლილებები? დამოუკიდებლობას და ანგარიშვალდებულებას ზრდის? მოქალაქე სასამართლოში რომ მივა, უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წამოიღებს იქიდან? სანდოობა გაიზრდება სასამართლოს მიმართ? ლეგიტიმური მიზანი რა არის? რატომ დაჩქარებულად? იმიტომ ხომ არა, რომ ვერ მოესწროს ადეკვატური მსჯელობა და რეაგირება?“, – დაინტერესდა ნა ნაცვლიშვილი.

„სად არიან ამ პროცესში ინდივიდუალური მოსამართლეები? ეხება თუ არა ეს კანონპროექტი მათ მიმართ შეზღუდვების რისკის გაზრდას? დღეს თუკი რამე გამოწვევა არსებობს სასამართლოში, ეს არის ინდივიდუალური მოსამართლეების სისუსტე. ამ კანონპროექტით  არათუ ინდივიდუალური მოსამართლეები ძლიერდებიან, პირიქით, დამოკლეს მახვილი ჩნდება. ახალი დისციპლინური საფუძველი შემოდის, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორ გამოიყენებს, კაცმა არ იცის“, – განაცხადა გურამ იმნაძემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა.

რა ცვლილებები შედის კანონში

◼ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი და გადაწყვეტილება საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.

◼ მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ახალი სახეები: კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს.

◼ მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

ინიციატორების აზრით, დისციპლინურ სახდელთა მრავალფეროვნება მის შემფარდებელს ანიჭებს მეტ ფარგლებს პროპორციულობის პრინციპის დასაცავად და ამცირებს დისციპლინური სახდელის უკიდურესი ფორმის, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობას.

◼ თუ კანდიდატი კონკურსში მონაწილეობისას მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს ხელახლა ეყაროს კენჭი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურად დარჩენილ რომელიმე თანამდებობაზე.

◼ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება 1 წლით (როგორც მოსამართლის თანხმობით მივლინების, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინების შემთხვევაში).

◼ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

◼ უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად (როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრად) ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა.

◼ კანონს ემატება ახალი პუნქტები, რომლებიც ახდენს მოსამართლეთა დისციპლინური სახდელების დიფერენცირებას ძირითად და დამატებით სახდელებად ისე, რომ დისციპლინური გადაცდომის შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდეს ერთდროულად ძირითადი და დამატებითი სახდელების დაკისრება. ეს კი დისციპლინური სახდელის შემფარდებელს ანიჭებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა.

◼ კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება (განახევრება) ყველა ეტაპზე.

◼ ერთ-ერთ პუნქტში შედის ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისას მაქსიმალურად შემცირდეს არამოსამართლე წევრის მიერ სამართლებრივი შეცდომის დაშვების რისკი; კერძოდ: კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადასაწყვეტად, წილისყრით იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი კოლეგია, სადაც შესაძლებელია, რომ ამ კოლეგიის სამივე წევრი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღმოჩნდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სათანადო პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, მიზანშეწონილია, ეს კოლეგია დაკომპლექტდეს უპირატესად (უმრავლესობით) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებით, სადაც საბჭოს არამოსამართლე წევრიც იქნება წარმოდგენილი.

როგორ აფასებენ კანონპროექტს

უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი იურისტებმა და ომბუდსმენმა შეაფასეს.

სოფო ვერძეულის მოსაზრებით, ეს კანონპროექტი არის იმ მოსამართლეების დადუმების მცდელობა, რომლებიც სისტემის პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ.

GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა ხმა უნდა ამოიღონ და პროტესტი გამოთქვან.

„დღევანდელმა დღემ სრულად აღმიდგინა 2010-2011 წლების პარლამენტის სახე. კომიტეტის სხდომაზე ძლივს შეღწევა, კანონპროექტის წინასწარ გამოუქვეყნებლობა, არაეთიკური და დამცინავი რეპლიკები დეპუტატების მხრიდან, მტრული და სრულიად არასამუშაო გარემო.

სამართლებრივი ნიუანსების მიღმა უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად, საქმე გვაქვს იმ მოსამართლეების დადუმების მცდელობასთან, რომლებიც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საჯარო საუბრით წყალს უყენებენ ერთიანი და ურყევი სასამართლოს იმიჯს. ასეთი მოსამართლე ისედაც ძალიან ცოტაა, თუმცა სასამართლოს მართვის დღევანდელი სისტემისთვის ერთი განსხვავებულის არსებობაც კი საფრთხეა. განსხვავებულმა ხმამ ძალაუფლების რღვევის რისკი შეიძლება შექმნას.

ამ კანონის მიღებით, მოსამართლეები დაისჯებიან ნებისმიერი გაუწონასწორებელი (?) და არაზომიერი (?) მოსაზრების დაფიქსირებისთვის. მარტივი მისახვედრია, მოქმედი საბჭოსთვის რა შეიძლება ასეთ მოსაზრებად ჩაითვალოს“, – წერს იურისტი სოფო ვერძეული სოციალურ ქსელში.

„თუკი სასამართლოში ოდესმე მოსამართლეთა ძლიერი, დამოუკიდებელი, ერთიანი ხმა უნდა გაისმას, ახლა უნდა მოხდეს.

ეს იმ მოსამართლეთა ხმა უნდა იყოს, რომლებიც იაზრებენ, რომ სასამართლოს მაფიოზური კლანი ხმის ამოღების გამო დასჯით ემუქრება. და ეს ხმა, სიმცირის მიუხედავად, იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ კლანი ჩამოშალოს.

მე იმედი მაინც მაქვს, რომ დღევანდელი სამარცხვინო ცვლილებების ინიციატივა კიდევ უფრო მეტ საჯარო უკმაყოფილებას წარმოშობს სასამართლოს სისტემაში და ძლიერი წინააღმდეგობის საწყისი გახდება. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, ამ დამცირების მოთმენა შეგეძლოს, ხმას არ იღებდე და კიდევ მოსამართლე გერქვას“, – წერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.

კანონპროექტის შესახებ გუშინ შეკითხვები დაუსვეს ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასაც, რომელმაც განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მედიიდან შეიტყო.

ომბუდსმენის შეფასებით, კანონპროექტი არადემოკრატიულია და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

„ეს პროცესიც, მსგავსად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტისა, წარიმართა სრულიად გაუმჭვირვალედ, მოულოდნელად და ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.

მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა არ არის დემოკრატიული, მართებული და ეწინააღმდეგება მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც.

ამ გადაწყვეტილებით, მცირდება კვორუმი, რაც საჭიროა მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება შეეძლება მხოლოდ სასამართლოს მიერ არჩეულ წარმომადგენლებს და საჭირო აღარ იქნება სხვა შტოების (პარლამენტის, პრეზიდენტის) მიერ შერჩეული წევრების მონაწილეობა.

გარდა ამისა, სახდელების სახეც არის ჩვენთვის ცოტა მიუღებელი. გვახსოვს, წლების წინ როგორ იყენებდა სასამართლო ხელისუფლება მათთვის არასასურველი მოსამართლეების დასჯის მეთოდად სხვა სასამართლოში მის გაგზავნას. ეს მაშინ არ იყო დისციპლინური სახდელი, მაგრამ ცუდი პრაქტიკა იყო. ამას მაშინ ვეწინააღმდეგებოდით არასამთავრობო სექტორი და ამიტომ გაჩნდა კანონმდებლობაში ჩანაწერი, რომ დაუშვებელია, მოსამართლის გადაყვანა სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, დღეს კი აღარ დასჭირდება სასამართლოს მმართველ ჯგუფს თანხმობა იმაზე, რომ დასაჯოს მოსამართლე და სახდელად დააკისროს „გადასახლება“.

ასევე, გაუგებარია, რატომ შეიძლება დასჯა იყოს სხვა სასამართლოში გადაყვანა. ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა იმ სასამართლოსი ან მოქალაქეების, რომლებიც ამ სასამართლოში მიდიან და რომლებსაც ეუბნებიან, რომ მათი საქმეები უნდა განიხილოს იმ მოსამართლემ, რომელმაც გადაცდომები ჩაიდინა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის შეფასებით, ეს ცვლილებები აუარესებს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხს. მან მოუწოდა პარლამენტს, შეაჩერონ კანონპროექტების დაჩქარებულად განხილვა.

კანონპროექტმა კომიტეტზე პირველი მოსმენა უკვე გაიარა. დაგეგმილია მისი დაჩქარებული წესით მიღება მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე.

უმრავლესობას კანონპროექტის დაჩქარებული განხილვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა შეერთებული შტატების ელჩმა, არასამთავრობოებმა და მოსამართლეთა ნაწილმა.