რა ცვლილებები შედის უმრავლესობის წევრების ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტში

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილისა და ირაკლი კობახიძის ინიციატივით, პარლამენტის რეგლამენტი უნდა შეიცვალოს „საქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით“

„რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა – ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც“, – განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის აცხადებს, რომ კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. „როგორც ასეთი, სუბიექტები – უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა –   მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება –  ეს აღარ იქნება“.

მაჭარაშვილის თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია.

რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

„ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ.  აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას,  რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით“, – განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა.

მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის.

საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების   შემცირებას.  ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია:

•           ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

•           განათლებისა და მეცნიერების;

•           გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

•           დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;

•           ევროპასთან ინტეგრაციის;

•           თავდაცვისა და უშიშროების;

•           იურიდიულ საკითხთა;

•           რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;

•           საგარეო ურთიერთობათა;

•           საპროცედურო საკითხთა და წესების;

•           საფინანსო-საბიუჯეტო;

•           კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;

•           ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.“.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება  მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​