რა დაგიჯდებათ EURO-2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრება

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 6 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული.

საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

ვილი სანიოლის გუნდი 18 ივნისს თურქეთთან ითამაშებს, 22-ში ჩეხეთს, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული 12 გუნდი მერვედფინალის საგზურს მიიღებს, დარჩენილი 4 საგზური კი 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შეხვდება.

„პუბლიკამ“ ღია წყაროებზე დაყრდნობით დაიანგარიშა, სულ მცირე რა დაუჯდება ერთ ადამიანს გერმანიაში გამგზავრება და თამაშებზე დასწრება:

საქართველო – თურქეთი (1819 ლარი)

შეხვედრა 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში 18:00 საათზე გაიმართება

ბილეთის საფასური

UEFA-ს ცნობით, ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ფასი 30; 60; 150 და 200 ევრო ეღირება. ამ დროისთვის უცნობია, საქართველოსთვის რა რაოდენობის ბილეთია გამოყოფილი.

მინიმალური დაანგარიშებით ბილეთში 90 ლარამდე თანხის გადახდა მოგიწევთ.

სამოგზაურო დაზღვევა

2-დღიანი სამოგზაურო დაზღვევა დაახლოებით 10 ლარი დაგიჯდებათ.

მგზავრობა

პლატფორმა Flightscanner-ის მონაცემებით, ამ თამაშის პერიოდში ყველაზე იაფი ავიაბილეთები ავიაკომპანია „პეგასუსს“ აქვს ქუთაისი-დორტმუნდის რეისზე. 18 ივნისის რეისით დორტმუნდში 14:05 საათზე იქნებით, ხოლო უკან მომდევნო დღეს, 16:50 საათზე გამოფრინდებით. ორივე რეისის ფასი ჯამში 1 183 ლარია (შემოწმების დრო: 13:00; 01.04.2023).

დარჩენა

Booking.com-ის მიხედვით, დორტმუნდში ყველაზე დაბალფასიან ჰოსტელში 18 ივნისის ღამის გათევა 266 ლარი დაგიჯდებათ.

დღიური მინიმალური თანხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში ტურისტულად გამგზავრებისას დღიური მინიმალური თანხა 45 ევროა. თუ დორტმუნდში დარჩენის ორ დღეს გავითვალისწინებთ დაახლოებით 270 ლარი დაგჭირდებათ.

საქართველო – ჩეხეთი (2 147 ლარი)

თამაში 22 ივნისს ქალაქ ჰამბურგში 15:00 საათზე გაიმართება.

ბილეთის საფასური

UEFA-ს ცნობით, ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ფასი 30; 60; 150 და 200 ევრო ეღირება. ამ დროისთვის უცნობია, საქართველოსთვის რა რაოდენობის ბილეთია გამოყოფილი.

მინიმალური დაანგარიშებით ბილეთში 90 ლარამდე თანხის გადახდა მოგიწევთ.

სამოგზაურო დაზღვევა

2-დღიანი სამოგზაურო დაზღვევა დაახლოებით 10 ლარი დაგიჯდებათ.

მგზავრობა

პლატფორმა Flightscanner-ის მიხედვით, ავიაკომპანია Aegean Airlines-ით მგზავრობის შემთხვევაში ჰამბურგში დილის 10:20 საათზე იქნებით, ხოლო თბილისში მომდევნო დღეს, 17:35-ზე გამოფრინდებით. ორივე მგზავრობა ჯამში 1 600 ლარი დაგიჯდებათ (შემოწმების დრო: 14:00; 01.04.2023).

დარჩენა

Booking.com-ის მიხედვით, ჰამბურგში ყველაზე დაბალფასიან ჰოსტელში 22 ივნისის ღამის გათევა 177 ლარი დაგიჯდებათ.

დღიური მინიმალური თანხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში ტურისტულად გამგზავრებისას დღიური მინიმალური თანხა 45 ევროა. თუ ჰამბურგში დარჩენის ორ დღეს გავითვალისწინებთ დაახლოებით 270 ლარი დაგჭირდებათ.

საქართველო – პორტუგალია (1 720 ლარი)

შეხვედრა 26 ივნისს გელზენკირხენში გაიმართება 21:00 საათზე

ბილეთის საფასური

UEFA-ს ცნობით, ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ფასი 30; 60; 150 და 200 ევრო ეღირება. ამ დროისთვის უცნობია, საქართველოსთვის რა რაოდენობის ბილეთია გამოყოფილი.

მინიმალური დაანგარიშებით ბილეთში 90 ლარამდე თანხის გადახდა მოგიწევთ.

სამოგზაურო დაზღვევა

2-დღიანი სამოგზაურო დაზღვევა დაახლოებით 10 ლარი დაგიჯდებათ.

მგზავრობა

პლატფორმა Flightscanner-ის მიხედვით, ავიაკომპანია Aegean Airlines-ით მგზავრობის შემთხვევაში დიუსელდორფში 12:00 საათზე ჩაფრინდებით, ხოლო თბილისში მომდევნო დღეს, 19:20-ზე გამოფრინდებით. ორივე რეისი 1 114 ლარი დაგიჯდებათ. დიუსელდორფის აეროპორტიდან გელზენკირხენი დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზეა. აეროპორტიდან გელზენკირხენში მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში დაახლოებით 20 ევროს (დაახლოებით 60 ლარი) გადახდა მოგიწევთ, რაც ჯამში დაახლოებით 120 ლარია.

დარჩენა

Booking.com-ის მიხედვით, გელზენკირხენში ყველაზე დაბალფასიან საოჯახო ტიპის სასტუმროში 28 ივნისის ღამის გათევა 116 ლარი დაგიჯდებათ.

დღიური მინიმალური თანხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში ტურისტულად გამგზავრებისას დღიური მინიმალური თანხა 45 ევროა. თუ გელზენკირხენში დარჩენის ორ დღეს გავითვალისწინებთ დაახლოებით 270 ლარი დაგჭირდებათ.

სამივე თამაშზე დასწრების შემთხვევაში – 5 770 ლარი

ბილეთის საფასური

UEFA-ს ცნობით, ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ფასი 30; 60; 150 და 200 ევრო ეღირება. ამ დროისთვის უცნობია, საქართველოსთვის რა რაოდენობის ბილეთია გამოყოფილი.

მინიმალური დაანგარიშებით, ბილეთებში 270 ლარამდე თანხის გადახდა მოგიწევთ.

სამოგზაურო დაზღვევა

12-დღიანი სამოგზაურო დაზღვევა დაახლოებით 60 ლარი დაგიჯდებათ.

მგზავრობა

პლატფორმა Flightscanner-ის მიხედვით, 18 ივნისს ქუთაისიდან Pegasus Airline-ით მგზავრობა 627 ლარად შეძლებთ. დორტმუნდიდან ჰამბურგამდე გასამგზავრებლად თუ მატარებელს შეარჩევთ, Rome2Rio-ს მონაცემებით, 25-დან 70 ევრომდე გადახდა მოგიწევთ. ანუ ეს მგზავრობა სულ მცირე 70 ლარი დაგიჯდებათ. იგივე ფასი დაგიჯდებათ ჰამბურგიდან გელზენკირხენში მატარებლით გამგზავრება. გელზენკირხენიდან დიუსელდორფის აეროპორტამდე მატარებლით მგზავრობის ფასი 9-დან 16 ევრომდე მერყეობს (დაახლოებით 30 ლარი). 29 ივნისს დიუსელდორფიდან ქუთაისამდე მგზავრობა დაახლოებით 634 ლარი დაგიჯდებათ.

დარჩენა

Booking.com-ის მიხედვით, დორტმუნდში ყველაზე დაბალფასიან ჰოსტელში 18-20 ივნისს დარჩენა 532 ლარი დაგიჯდებათ. 20-23 ივნისს ჰამბურგის დაბალფასიან ჰოსტელში დარჩენა – 387 ლარი. 23-29 ივნისს დიუსელდორფში დარჩენა – დაახლოებით 1 500 ლარი.

დღიური მინიმალური თანხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში ტურისტულად გამგზავრებისას დღიური მინიმალური თანხა 45 ევროა. თუ გერმანიაში დარჩენის 12 დღეს გავითვალისწინებთ დაახლოებით 540 ევრო დაგჭირდებათ (1590 ლარი).