რა დარღვევები გამოვლინდა არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის დროს

პუბლიკა

დღეს, 6 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის – 2,
  • სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 7,

    სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 2,

  • სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების – 2,
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 4,
  • მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის – 4,
  • ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 ფაქტი.

როგორც ორგანზციის განცხადებაში ვკითხულობთ, გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, ბიუჯეტი ივნისსა და ივლისში შეიცვალა.

“ამ პროცესში, ტენდენციის სახით, შეიძლება, გამოიყოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და სამუშაოების განსაკუთრებით გააქტიურება.

მართალია, საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი კანონით დადგენილ ვადაში განხორციელდა, მაგრამ, განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოქმედი მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები კანდიდატებიც არიან, ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება. აღნიშნული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადი არ არის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რომლებიც ადგილზე ამომრჩევლის მობილიზებისა და პარტიული წარმომადგენლის როლს ითავსებენ.
2021 წლის საარჩევნო ცვლილებების დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების მოდელის გაუარესების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პოლიტიკაში ქალთა მიმართ მტრული გარემოს არსებობის პრობლემა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ქალი წევრების მიმართ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები.

განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო”. – აცხადებენ ორგანიზაციაში.