დღეს, 10 აპრილს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ.
მეჩეთში მუსლიმებისთვის მარხვის დასრულების მისალოცად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მივიდნენ. თორნიკე რიჟვაძეს მისალოცი სიტყვა აქტივისტებმა ნესტან ანანიძემ და ჰურიე აბაშიძემ შეაწყვეტინეს:
„როდის აშენდება ბათუმში ახალი მეჩეთი? როდის გასცემს ბათუმის მერია ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას? ხალხი ლოცულობდა ამ წვიმაში გარეთ, ხალხი დღეს ლოცულობდა ახალ მეჩეთში გარეთ, ამ წვიმაში.
რა დავაშავეთ მუსლიმებმა, რა დაგიშავეთ, რომ ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით? რა ცოდვა გვაქვს ქვეყნის წინაშე, რა საფრთხედ განგვიხილავთ, რომ ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით?“, – ამ შეკითხვებით მიმართა აქტივისტმა ნესტან ანანიძემ თორნიკე რიჟვაძეს.
„ჩვენ არ გვჭირდება ეს რემონტი ხულოში, არ გვჭირდება უფასო ავტობუსები, ისედაც მოვიდოდით ფეხით აქ. ჩვენ გვჭირდება ბათუმში ახალი, ღირსეული სალოცავი სივრცე. ქართველ მუსლიმებს ამ ქვეყანაში სჭირდებათ ღირსეული სალოცავი სივრცე და ღირსეული აღიარება“, – განაცხადა აქტივისტმა.
ნესტან ანანიძის გამოსვლის შეწყვეტა თორნიკე რიჟვაძემ რეპლიკით სცადა: „ბაირამს გილოცავთ პირველ რიგში… ყურადღებით გისმენთ“, – თქვა მან.
„ადიგენთან დაკავშირებით რა ხდება, ბატონო თორნიკე?“, – გაისმა შეკითხვა მრევლიდან.
„კარგი, კარგი. პირველ რიგში, ბაირამი მინდა, მოგილოცოთ ყველას კიდევ ერთხელ, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. მე წეღანაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მეტი მშვიდობა და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ და ამ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გადაწყდება ყველა საკითხი.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ ბევრი ხალხი მოდის ამ მეჩეთში, ეს კარგია და ღმერთმა გვიმრავლოს. ასე ხდება სხვა სარწმუნოების სადღესასწაულო დღეებშიც, რომ ეკლესიებში, სინაგოგებში, მეჩეთებში დღესასწაულებზე ძალიან ბევრი ხალხია. თუმცა ეს ჩვენ ვიცით და მუფთთან ერთად ვმუშაობთ. ის საკითხი, რომელიც თქვენ დააყენეთ, აქტიურად ვმუშაობთ, რომ დადებითად გადაწყდეს. ეს ჩხუბით, კამათით და გამოსვლებით არ გადაწყდება. ეს გადაწყდება ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით“, – განაცხადა რიჟვაძემ.
„7 წელია, ველოდებით მშვიდად. ახალი მეჩეთი მუსლიმებს და ღირსეული უფლებები ქართველ მუსლიმებს, ყველაზე მშვიდობიანი არიან ქართველი მუსლიმები ამ ქვეყანაში“, – მიმართა რიჟვაძეს ნესტან ანანიძემ.
„ცალკე დაგელაპარაკები. გილოცავთ ბაირამს“, – განაცხადა რიჟვაძემ.
მომხდარის ამსახველ ვიდეოს „ბათუმელები“ ავრცელებს.
აქტივისტმა ჰურიე აბაშიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, როგორ ლოცულობენ ღია ცის ქვეშ, წვიმაში.
„სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა“ ნესტან ანანიძის და ჰურიე აბაშიძის სიტყვით გამოსვლას ისტორიული მნიშვნელობის ამბავი უწოდა.
„ეს კადრები ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას შემორჩება, როგორც ამბავი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუ რამდენი შრომა და ძალისხმევა დასჭირდათ ქართველ მუსლიმებს საკუთარი უფლებების, ღირსების და თანასწორობის აღიარებისთვის. ზუსტად ვიცით, ნესტანის და ჰურიეს ეს გამოცდილება ბევრი ადამიანისთვის სიმამაცის სამაგალითო და შთამაგონებელი ამბავი გახდება“, – დაწერა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.