იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა, რის შემდეგაც მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა გადაწყდა.
მინისტრის თქმით, მასთან მისულ თანამშრომლებს სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, მისი გადაყვანის გადაწყვეტილება გადადებულიყო.
რა დროით გადაიდო სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, მინისტრის თქმით, დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებზე.
„ეს იქნება დამოკიდებული ჩვენს კონსულტაციებზე სამედიცინო პერსონალთან და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როდის იქნას გადაყვანილი ის კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებით, არსებობს პაციენტის გაწერის შესაბამისი ფორმა და სააკაშვილის გაწერისას ყველა პროცედურა დაცული იყო, გადაწყვეტილება კი ექიმებმა მიიღეს.
მისი თქმით, როდესაც ბრალდებული/მჯსავრდებული პაციენტი გაიწერება საავადმყოფოდან, პენიტენციური სამსახურის მოვალეობაა, იგი დაბრუნებულ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს, ვინც არ დაემორჩილება, გადაყვანილი იქნება შესაბამისი წესით შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში იქნება საჭირო, მას გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანენ.