რა ფაქტორებს ასახელებენ აცრაზე უარის თქმის მიზეზად და რა ინფორმაცია აინტერესებთ ვაქცინაზე | საქსტატის კვლევა

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კორონავირუსის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა გამოაქვეყნა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება:

  • ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%)
  • სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%)
  • გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%)
  • ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%)
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%)
  • COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული
    იმუნიტეტი (7.5%)
  • ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%)
  • COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის
    გაზვიადება (4.7%)
  • მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%)
  • მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%)
  • სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების
    არარსებობა (2.5%)
  • ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%)
  • მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%)

რესპონდენტებს შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთებს ვაქცინას, 59.6 პროცენტისთვის მთავარი მოტივი არის საკუთარი თავის დაცვა, 16.3 პროცენტისთვის კი – ხანდაზმული ადამიანების დაცვა. იმ რესპონდენტებს შორის, ვისაც არ გადაუწყვეტია ან არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, 40.2 პროცენტისთვის მთავარი მოტივი იქნებოდა საკუთარი თავის დაცვა, 11.8 პროცენტისთვის – ხანდაზმული ადამიანების დაცვა, ხოლო 21.9 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სჭირდებათ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

  • რამდენად უსაფრთხოა (81.3%)
  • გვერდითი მოვლენები (56.4%)
  • რამდენად ეფექტურია (55.5%)
  • როგორ მოქმედებენ სხეულში (31.7%)
  • როგორ შეიქმნა (21.4%)
  • რომელი ვაქცინები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში (9.5%)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.


გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია COVID-19-ის პანდემიის დროს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.

გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები. გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალიმარტის პერიოდში.

გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6 პროცენტი.