13 მაისს „ქართულმა ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი რეგლამენტი, რომლითაც მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.
საიას შეფასებით, ცვლილებებით მნიშვნელოვნად სუსტდება ანგარიშვალდებული პირებისთვის საკონტროლო მექანიზმები და მცირდება საკომიტეტო განხილვები, იზღუდება მოქალაქეთა წვდომა საპარლამენტო საქმიანობაზე.
ცვლილებებით:
- გაუქმდა საკომიტეტო განხილვები ცალკეულ პირთა არჩევისას;
- ახლებურად წესრიგდება სამუშაო ჯგუფის ორგანიზება;
- გაუქმდა მინისტრის საათი;
- შეიცვალა ინტერპელაციის პროცედურა, დაემატა სამთავრობო საათისთვის დამახასიათებელი ნიშნები ისე, რომ ერთმანეთში აირია ორი სრულიად განსხვავებული მიზნის მქონე პროცესი;
- გაუქმდა თემატური მოკვლევა;
- მოდიფიცირდა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის წესები;
- გაუქმდა საპარლამენტო საბჭოები;
- ახლებურად ჩამოყალიბდა საპარლამენტო ბოიკოტის არსი.
„მინისტრის საათის გაუქმება
საკონტროლო მექანიზმებთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაუქმდა მინისტრის საათი და თემატური მოკვლევის ჯგუფი. მინისტრის საათი თავისი არსით ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მექანიზმია, და მას მნიშვნელოვანი მოდიფიცირება სჭირდებოდა.
საიას რეკომენდაცია იყო, მასთან ერთად დამკვიდრებულიყო ე.წ. სამთავრობო საათი, რომელიც კონტროლის უკეთესი მექანიზმია და დეპუტატებს მისცემდა საშუალებას მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხი. ამ მექანიზმის ამოღების მიზეზად განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინტერპელაციის სიხშირის ზრდაზე, რაც სრულებით გაუგებარი არგუმენტია. ინტერპელაცია მინისტრის საათისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მექანიზმია და მას ვერ ჩაანაცვლებს, ვერც შინაარსობრივად და ვერც პროცედურული თვალსაზრისით.
ხოლო მინისტრის საათის უბრალოდ გაუქმებით და სანაცვლოდ მხოლოდ ინტერპელაციის არსებობის არგუმენტირებით საზედამხედველო მექანიზმები მნიშვნელოვნად დასუსტდება. მინისტრის საათის დანიშნულება იყო მინისტრის გამოცხადება პლენარულ სხდომაზე და სამთავრობო პროგრამის საფუძველზე მისი მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა პარლამენტისთვის. ინტერპელაციის დანიშნულება კი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო ფრაქცია ან არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი უგზავნის შეკითხვას მინისტრს ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, რომელიც ვალდებულია მას უპასუხოს პარლამენტის სხდომაზე. შეკითხვის შინაარსს განსაზღვრავს ავტორი და შეიძლება სამთავრობო პროგრამასთან არც იყოს დაკავშირებული. ამასთანავე, მინისტრის საათის ფარგლებში მხოლოდ მინისტრებს უსმენენ, ინტერპელაცია კი საშუალებას იძლევა, სხვა ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელსაც მოუსმინონ.
თემატური მოკვლევის ჯგუფი უქმდება
თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშნულება იყო კონკრეტული პრობლემური საკითხის დამუშავება, რეკომენდაციების შექმნა და მათი წარდგენა კომიტეტისთვის ან პლენარული სხდომისთვის. საპარლამენტო პრაქტიკაც მიუთითებს, რომ მას საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ. თუმცა მექანიზმს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, და მათი გამოსწორების რესურსიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, კანონმდებელმა არჩია, გაექრო მექანიზმი, იმ არგუმენტით, რომ მას დროებითი კომისია ჩაანაცვლებდა, რასაც სათანადო არგუმენტად ვერ მივიჩნევთ, რადგან დროებითი კომისია პარლამენტის მიერ იქმნება, ხოლო თემატური მოკვლევა თავისი არსით საკომიტეტო მექანიზმია, რომელიც დარგობრივ დონეზე შეისწავლის საკითხს, გამოკვეთს პრობლემებს და ისახავს გადაწყვეტის გზებს, ხოლო ამ პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის სავალდებულო ჩართულობას ითვალისწინებს.
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დროებითი კომისიის შექმნის კვორუმი გაიზარდა და ნაცვლად დამსწრეთა ხმების უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა, ცვლილებით, ერთი მესამედი იქნება. ანუ, თუ აქამდე 38 დეპუტატი იყო საკმარისი, ახლა 50 დეპუტატი დასჭირდება. მნიშვნელოვნად შემცირდა პარლამენტის და კომიტეტის საქმიანობა სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული მიმართულებით, კერძოდ, პარლამენტი და კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, ხოლო კომიტეტის მიერ შემუშავებული წლიური ანგარიში ცალკე არ წარედგინება პარლამენტს და არც საჯაროდ გამოქვეყნდება”, – წერია ანგარიშში.
ვრცლად გაეცანით ანგარიშს ლინკზე;