მთაწმინდის პარკში დღეს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
მერიის ცნობით, ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა არა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედ მთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა შეისწავლეს.
როგორც ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა ირინა დანელიამ პროექტის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა, ჩატარდა როგორც ფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები, რომლებმაც გამოავლინა წიწვონების ეპიფიტოტია და ოცზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი.
„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცა წინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიც ძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული. სხვა წიწვოვნებში და ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლები გამოვლენილი არ არის, ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროს პათოგენი ნემატო, სამაგიეროდ მიკრობიოლოგიური ნაწილის კვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად. გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის, მინიმუმ 4 საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერი ალერგენები არიან“, – განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტში გადაგზავნილია. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას და რეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.
მერიის გავრცელებული ინფორმაციით, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გია სოფაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩატარდა ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევებიც, რომელიც ლანდშაფტის ყველა კომპონენტს მოიცავდა.
„იმისათვის, რომ ურბანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა მოხდეს, საჭიროა, ისტორიული ლანდშაფტის მცენარეების შენარჩუნება ან აღდგენა, ასევე, ლანდშაფტური სეზონური დინამიკის გათვალისწინება. ამ მიზნით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტყის აღდგენისას გავითვალისწინებთ ქვე-ტყეს, ბუჩქნარ-ბალახოვანი საფარით“, – აღნიშნა გია სოფაძემ.
მთაწმინდის ფერდის შესახებ
ბოტანიკური ჯგუფის წევრმა, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა განაცხადა, რომ მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე ძირითადად, ადგილობრივი, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება.
როგორც მან აღნიშნა, ბოტანიკური კვლევის ძირითადი მიზანი მცენარეული საფარის თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, ფლორისტული და ეკოსისტემური მრავალფეროვნების გამოვლენა და დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტის შერჩევა იყო.
„გამოკვლევების შედეგად, გამოვლინდა, რომ ტერიტორია გამოირჩევა საკმაოდ დიდი ფლორიტსული და ეკოსისტემური მრავალფეროვნებით. გავრცელებულია ჭურჭლოვან მცენარეთა 750-მდე სახეობა. მათგან ორი სახეობა – კაკალი და პატარა თელა არის „წითელი ნუსხის“ მცენარეები. აღირიცხა კავკასიის 48 ენდემური სახეობა, რაც ასეთი პატარა ტერიტორიისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე, დენდროფლორის მრავალფეროვნებაც – 80-მდე სახეობა, რაც საქართველოს საერთო დენდროფლორის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. სამწუხაროა, რომ ტერიტორიაზე გამოიკვეთა ინვაზიურ სახეობათა, განსაკუთრებით, ოპუნციების ძალიან სწრაფი გავრცელების ტენდენცია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე გავრცელებულია თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელ მცენარეთა თითქმის ყველა ტიპი – ტყეები, სტეპები, მდელო-სტეპები, ბუჩქნარები და სხვა“, – განაცხადა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის თქმით, მიღებული შედეგების საფუძველზე, მოხდა ტერიტორიის ზონირება და შეირჩა დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტი, რომელიც 40-მდე მერქნიან მცენარეს მოიცავს.
„ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა ადგილობრივ სახეობებზე, თუმცა გამოყენებული იქნება ინტროდუცირებული მცენარეებიც. მნიშვნელოვანია, რომ დასარგავ მცენარეთა ჩამონათვალში შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ ისეთი სახეობები როგორებიცაა: ქართული ნეკერჩხალი, მრავალნაყოფა ღვია და სხვა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა.
რაც შეეხება ზოოლოგიურ კვლევებს, კვლევითი ჯგუფის წევრმა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა აღნიშნა, რომ ზოოლოგიური კვლევის მიზანი აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე, ზოოლოგიური თვალსაზრისით არსებული ბიომრავალფეროვნების შეფასება იყო.
„ასევე, მნიშვნელoვანი იყო, მოგვეძიებინა ის სახეობები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ისტორიულად იყო გავრცელებული, თუმცა დღესდღეობით, გადაშენებულია. კვლევა ჩატარდა, როგორც ტრანსექტული გადაადგილების, ასევე, წერტილოვანი აღრიცხვის მეთოდით. გამოვიყენეთ ფოტოხაფანგები, რამაც საკმაოდ საინტერესო ფოტომასალა მოგვცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, ფაუნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი გვხვდება, რაც მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ამფიბიებს და მწერებს. ამ პატარა ტერიტორიისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება 30 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის, „წითელი ნუსხის“ სამი სახეობა. ფრინველების კუთხით, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება – 110 სახეობის ფრინველი. მათ შორის, 11 არის „წითელი ნუსხით“ დაცული“, – განაცხადა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.
მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოვლინდა ფრინველთა ისეთი სახეობები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულად ბინადრობდა. კერძოდ, კაკაბი, ხოხობი და გნოლი, რომელთა აღდგენა და რეინტროდუქცია მცირე ხელშეწყობის პირობებში, შესაძლებელი იქნება.
„საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.
პრეზენტაციაზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა საინჟინრო და გეოლოგიურ კვლევებზე, რომელიც ფერდობის მდგრადობის შეფასების მიზნით ჩატარდა.
მოხდა ზონირება საფრთხეების მიხედვით. ასევე, გაანალიზდა ქალაქის ურბანული ქსოვილი. აქ დაგხვდა ბევრი კარგი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, მაგრამ ამ საზღვრებიდან გამომდინარე, ხელახლა შევისწავლეთ კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, პირველ რიგში, მიღწევადობა და მობილობის სქემებთან მიბმა. ვინაიდან ეს სივრცე არის ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი იერსახის მატარებელი და დომინანტი, არქიტექტურული ჩარევების სპექტრიც შემუშავდა და რაც მთავარია, მოხდა ბმა არსებულ, დეკლარირებულ მწვანე დერეფნებთან“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
მისივე თქმით, პროექტის შემუშავებისას მთავარი წონა მიენიჭა ბიომრავალფეროვნებას და გამოიკვეთა სამი მიმართულება.
„მივიღეთ ზონირების რუკა, რომელიც გამოყოფს ლანდშაფტის კონსერვაციის ზონას; გვაქვს რეგენერაციის ზონა, სადაც ვეხმარებით ბუნებას, რომ გაძლიერდეს; ყველაზე რთული ზონაა ადაპტაციის ზონა, სადაც კლიმატური ცვლილებების გამო, ფიჭვების ხმობის გამო, საინჟინრო-გეოლოგიური პრობლემების გამო საჭიროა სწორი ჩარევა; პირწმინდად გატყიანების ზონა, სადაც ვრცელი სივრცეებია და დიდი მწვანე მასის შექმნაა შესაძლებელი; ურბანული შერბილების ზონა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკოლოგიური და გარემოზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებაზე, ურბანული და ბუნებრივი ლანდშაფტების ზღვარზე; ლანდშაფტის დიზაინის ზონა – აქ სრული თავისუფლება აქვთ ლანდშაფტის არქიტექტორებს, ოღონდ, ბუნებრივია, ბოტანიკოსების მიერ შერჩეული სახეობების ფარგლებში; განაშენიანების მცირე წერტილები. ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს ბუნების მუზეუმზე, აგროსოფელზე და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკრეაციულ ცენტრზე. გარდა ამისა, გაანალიზდა 60 კილომეტრამდე ბილიკები და შეირჩა 40 კილომეტრამდე თემატური ბილიკები. ისეა გააზრებული ეს ქსელი, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის წერილობით ვერსიას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.