რა განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის უწყებაში ცხელი ხაზის ოპერატორების პროტესტზე

პუბლიკა

„ინტერპრესნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაქცინაციის შესახებ ცხელი ხაზის 15 22- ის თანამშრომლების ნაწილი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ მუშაობაზე. როგორც წყარო გამოცემას უყვება, თანამშრომლებს კუთვნილი თებერვლის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. შრომის ანაზღაურების დაგვიანების მიზეზად კი ხელმძღვანელობა ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.

„გარკვეული რეორგანიზაცია ცხელი ხაზის ნაწილში მოხდა, პროცედურული საკითხების მოგვარება კვირის ბოლომდე დასრულდება. ამას ვერ დავარქმევ ვერანაირ პროტესტს 15 22 ცხელი ხაზის თანამშრომლების მიმართ. მიმდინარეობს სამუშაო პროცესები, ცხელი ხაზი მუშაობს, დარეკეთ და დარწმუნდებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე – ნამდვილად აიღეს თუ არა ცხელი ხაზის თანამშრომლებმა თებერვლის ხელფასი? – მინისტრის მოადგილე პასუხობს:

„ყველა თანამშრომელი მიიღებს იმ ანაზღაურებას, რომელიც მის მიმართ აქვს სამედიცინო ჰოლდინგს“.

„პუბლიკა“ მეტი დეტალის გასარკვევად სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზის (15 22) ამოქმედების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია 15 მარტს გაავრცელა. უწყების თანახმად, ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და ყველა ზარი უფასოა.