რა ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული ზოგადი განათლების მიზნები - სამინისტრომ პროექტი წარმოადგინა

პუბლიკა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტი წარადგინა. 

მისი თქმით, დოკუმენტის პროექტი მომზადებულია განათლების სამინისტროს მიერ და უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას. რის შემდეგაც წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო ვერსიას, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს.

დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დოკუმენტის თანახმად ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომლიც „ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.“

„ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდნტობის შენარჩუნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე; რომელიც დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სრულფასოვან ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას; რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობისა და სამართლიანობის პრონციპები და როემლიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სამყაროში“,- თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სისტემის განვითარება „სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს“ რისთვისაც, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის გაწერას, ბუნებრივია საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.