რა იცვლება ანტიკორიფციული ბიუროს უფლებამოსილებებში — პაპუაშვილის განცხადება

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის წევრებმა დაინიციირეს საკანონმდებლო ცვილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს, კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შეიცვალოს.

ცვლილებათა პაკეტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება.

შალვა პაპუაშვილის ცნობით, ცვლილებები, რომლებიც დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, შემდეგია:

ანტიკორიფციული ბიურო

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროს უფროსისთვის დგინება იმავე ხარისხის იმუნიტეტი, რაც აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსებს სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების და ჩხრეკის მიმართ.

ზუსტდება და ვიწროვდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. ანტიკორუფციული ბიუროს ხელნძღვანელის გათავისუფლება უნდა მოხდეს ძალიან შეზღუდულად, ობიექტურად შეფასებადი კრიტერიუმების შემთხვევაში.

ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს ე.წ სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:

  • პირის გამოკითხვა;
  • პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა;
  • საჯარო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის ადმინისტრაციული წარმოების ახალი ფორმა, რომელიც ბიუროს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად იმუშაოს.

მისივე განცხადებით:

ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით განისაზღვრა პერიოდი, როცა დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო ერთი თვის განმავლობაში თავად გააკეთებს შემოწმებას და ხარვეზებთან დაკავშირებით მიუთითებს დეკლარანტს და მისცემს დროს დეკლარაციის შესამოწმებლად. ეს მისცემს საშუალებას როგორც დეკლარანტებს, ისე ანტიკორიფციულ ბიუროს, აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზები.

თუკი პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ „წინასწარი სკრინინგი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, ხოლო თუ დეკლარანტი არ ითანამშრომლებს ბიუროსთან, მას ექნება დაჯარიმების საშუალება. მონიტორინგს ვაფართოებთ და ამით ყველა დეკლარაცია მოექცევა ანტიკორიფციული ბიუროს ზოგადი გადამოწმების ქვეშ”.

ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.

ამასთან, ანტიკორიფციულ ბიუროს ენიჭება მამხილებლის სტატუსის მინიჭების და ასევე, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის უფლებამოსულება.

იურიდიული დახმარების სამსახური სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევს მამხილებელს.

ანტიკორიფციული ბიუროს საქმიანობა მოექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ქვეშ.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს

შალვა პაპუაშვილის თქმით, ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიშები.

სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება, საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ამ სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, მის მიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან პირადად, კონკურსის გარეშე აირჩიოს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები იმისთვის, რომ მეტი დრო იყოს განსჯისთვის.

ასევე, საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი იზრდება დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

იზრდება პარლამენტის მიერ ამ 2 სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების კვორუმი დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის საგამოძიებო ქვემდებარეობა. მის დაქვემდებრებაში იქნებიან ის პროკურორები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ანუ გაფართოვდება მისი ქვემდებარეობა.

ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება.