შინაური ცხოველის მიტოვება დაისჯება — რა იცვლება კანონპროექტში

პუბლიკა

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით.

  • ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
  • ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია, რომ:

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 

კანონპროექტით იგეგმება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის:

  • შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის;
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის;
  • შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.

პროექტის გათვალისწინებით, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით მომეტებული რისკის მქონე ძაღლის 30 ჯიშია განსაზღვრული: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; კანე კორსო; დობერმანი; კავკასიური ნაგაზი; შუააზიური ნაგაზი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; ბერძნული ნაგაზი; კრაშის ნაგაზი; გერმანული ნაგაზი; რუმინული ნაგაზი; მასტიფები; ბორდოული დოგი; კანარის დოგი; როტვეილერი; რიზენშნაუცერი; ლეონბერგერი; მარემა; მოსკოვური საყარაულო; კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბანდოგი; გულდონგი; მგლის ჰიბრიდები.

თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;

ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;

შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;

მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია. მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.