რა იგეგმება ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით - პრემიერის განმარტება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის უფუნქციო შენობაში IT ჰაბის გახსნა იგეგმება.

„მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ამ შენობის ბაზაზე შეიქმნას IT ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს IT სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ხელს შეუწყობს განვითარებაში. აქაც ათეული მილიონის ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა მან.

BMG-ის ცნობით, ქუთაისის პარლამენტის შენობა შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა. 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განხორციელდა ქონების გადაფასება და უძრავი ქონების ნაწილში „ქუთაისის პარლამენტის შენობის“ ღირებულება შეადგენს – 53,500,000 ლარს, ხოლო მასში განთავსებული მოძრავი ქონების ნაწილში – თითქმის 7 მლნ ლარს. BMG-ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 3 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ქონების მოვლა-პატრონის ხარჯი მინიმუმ 2.5 მლნ ლარია.