რა იხსნება, რა არ იხსნება და როდიდან | შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს, 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით:

1 თებერვლიდან: 

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას, ამ 5 ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

აჭარაში გაიხსნება კვების ობიექტების გარე სივრცეები [სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით].

აღდგება რეგულარული ფრენები.

15 თებერვლიდან:

ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები.

1 მარტიდან: 

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან [დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე].

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია 1 მარტიდან [დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე].

მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი – გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.

ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

რეგულაციები ბიზნესისთვის

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

2 კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.