რა იქნება შემდეგი? - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოხმაურება ყირიმის ხიდზე

პუბლიკა

ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია.

როგორც რუსული მედია რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

„დღეს, მოსკოვის დროით 06:07 საათზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს ყირიმის ხიდის საავტომობილო გზაზე, სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის გამოც მატარებლის შვიდი საწვავის ავზი აალდა. მატარებელი ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა“, – აცხადებენ რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ხიდის აფეთქება კრეისერი „მოსკვას“  ჩაძირვას შეადარა. ამის შესახებ უწყების Twitter გვერდზე დაიწერა.

„უკრაინის ყირიმში რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო დაიკარგა. რა იქნება შემდეგი?“, – წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გვერდზე.

პრეზიდენტმა პუტინმა უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რათა გამოიკვლიოს, რა მოხდა ხიდზე და ზედამხედველობა გაუწიოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


ყირიმის ხიდი რუსული ანექსიის სიმბოლოდ მოიაზრება. ხიდის მშენებლობით, რუსეთს სურდა ეჩვენებინა, რომ მოსკოვი და ყირიმი სამუდამოდაა დაკავშირებული. BBC წერს, რომ 2018 წელს ხიდის გახსნისას რუსული მედია „საუკუნის მშენებლობას“ უწოდებდა ხიდზე მშენებლობის დასრულებას.