დღეს, 26 ნოემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომელიც ქვეყანაში „მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასა და გაფართოებას“ ეხება. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი რეგულაციები ორთვიან პერიოდს მოიცავს, 28 ნოემბრიდან იწყება და 31 იანვრის ჩათვლით გასტანს.
გთავაზობთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღებისა და ვადების შესახებ, რა პირობებშიც თითოეული შეზღუდვა იმოქმედებს:
გადაადგილების შეზღუდვა
მთავრობის განმარტებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით. უფრო კონკრეტულად კი ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს და გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე (31 დეკემბერი) და ასევე შობის ღამე (6 იანვარი)
სატრანსპორტო შეზღუდვა
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეზღუდული იქნება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
დიდ ქალაქებში: ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში შეჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
გამონაკლისის სახით, წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება 24 დეკემბერიდან – 2 იანვარის ჩათვლით. 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში შეზღუდვა კვლავ აღდგება, ხოლო 16 იანვრიდან მუშაობას კვლავ განაახლებს როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
მთელი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, ასევე ტაქსით გადაადგილება.
სავაჭრო ობიექტები
დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
24 დეკემბერი – 2 იანვარი კი წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები. 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში შეზღუდვა კვლავ აღდგება, ხოლო 16 იანვრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა.
ღია და დახურული ბაზრობები
28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ღია და დახურული ბაზრობები კვლავ განაახლებენ მუშაობას. შემდეგ კი 16 იანვრამდე შეწყვეტენ და კვლავ აღადგენენ მუშაობას 31 იანვრამდე გარდა შაბათ-კვირისა.
რესტორნები
28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
– პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
– „დელივერი“
– „დრაივი“
ფიტნესი, საცურაო აუზები
28 ნოემბერი – 31 იანვრის პერიოდში იზღუდება ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
უნივერსიტეტი, სკოლა, ბაღი
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) ქვეყნის მასშტაბით, სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენარჩუნებული იქნება გადაწყვეტილება როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღების დახურვასთან დაკავშირებით.
ზამთრის კურორტები
28 ნოემბერი – 31 იანვრის პერიოდში სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
ახალი წელი, შობა და უქმე დღეები
გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს ახალი წლის (31 დეკემბრი) და შობის ღამეს (6 იანვარი)
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში კი ცხადდება უქმე/დასვენების დღეები. ამ პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
შეზღუდვების შემსუბუქება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები შემსუბუქდება, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით:
- იმუშავებს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იქნება 16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში, როცა
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებს მუშაობას.
რომელ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები
28 ნოემბრიდან – 31 იანვრის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას;
- არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.