რა კავშირი აქვს თბილისში უკანონოდ აშენებულ კორპუსთან ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს

პუბლიკა

ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უკანონოდ აშენდა, – ინფორმაციას მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურშიც ადასტურებენ.

კორპუსის აშენებამდე თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასადგენად 2019 წელს მიმართეს. განაცხადის მიხედვით, სამშენებლო პირობები უნდა დადგენილიყო შპს „გგ დეველოპერის“ საკუთრებაში არსებულ 580 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

თუმცა, არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია მშენებლობა:

„საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) — სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა; ვინაიდან ზემოაღნიშნულ ზონაში დაუშვებელია მშენებლობა, შესაბამისად სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“, – ნათქვამი იყო არქიტექტურის სამსახურის პასუხში.

მიუხედავად არქიტექტურის სამსახურის უარყოფითი პასუხისა, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ცნობით, „გგ დეველოპმენტმა“ უკანონო მშენებლობა 2019 წელს მაინც დაიწყო.

„აღნიშნული სამშენებლო კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, ჯამში 575 000 ლარით. საქმის წარმოება გადაცემულია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის. ეს არის ტიპიური მაგალითი იმის, რომ მხოლოდ ჯარიმით უკანონო მშენებლობის პრევენცია არ ხდება. ამიტომაც, თბილისის მერიამ შესთავაზა პარლამენტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, რაც დღეს უკვე ძალაშია და მოქმედებს“, – უთხრეს „პუბლიკას“ ინსპექციის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, უკანონო მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის 50%-იან წილს 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე გიორგი შინჯიკაშვილი ფლობდა. ამ პერიოდისთვის გიორგი შინჯიკაშვილი გარდაბნის მერის პირველი მოადგილის, მოგვიანებით კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

დღეს გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილეა. ის უკანონო მშენებლობის შესახებ და მშენებლ კომპანიასთან მის კავშირებზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა:

„ცრუ ბრალდებაა, რომ ვარკეთილში, რეკრეაციულ ზონაში, 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეიცავს ჩემს პირად ბიზნეს ინტერესებს! მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომლის 50% -იანი წილის მფლობელიც მე ვიყავი, სრულად გავასხვისე. არც მანამდე და არც გასხვისების შემდეგ, არანაირი შეხება არ მქონია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობასთან! მჯერა, რადიკალური ოპოზიციისა და მათივე მართული სატელიტი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კიდევ ერთი წარმუმატებელი მცდელობა იქნება და საზოგადოებას ვერ შეიყვანენ სიცრუეში!“, – აცხადებს შინჯიკაშვილი.