ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროცესის არც ერთ ეტაპზე სააკაშვილის ინტერესების დამცველებს არ უნდა შეეზღუდოთ პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლება და მათ საადვოკატო საქმიანობა აწარმოონ თავისუფალ გარემოში, როგორც ეს გარანტირებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით.
ასათიანი გაუგებრად მიიჩნევს, რატომ შეეზღუდა სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს კლიენტთან შეხვედრის მიზნით საქართველოში შემოსვლა.
„აღნიშნული ფაქტის თაობაზე მივმართე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ველი დროულ და სათანადო რეაგირებას. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბრალდებულის უფლება შეუზღუდავად შეხვდეს მისი ინტერესების დამცველ ნებისმიერ ადვოკატს განუხრელად უნდა იქნას დაცული“, – აცხადებს ასათიანი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის ადვოკატების მიერ გაცხადებულ კომუნიკაციის კონფიდენციალობის დარღვევის ფაქტებზეც.
„ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვა საადვოკატო საქმიანობისა და მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ამ პრინციპის რაიმე ფორმით დარღვევა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევას და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს“, – აცხადებს ის და მოიხმობს „ადვოკატთა როლის შესახებ“ გაეროს ძირითადი პრინციპებს.
ასათიანი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ სრულად იყოს გარანტირებული ადვოკატსა და კლიენტს შორის შეხვედრის დროს კონფიდენციალობის პრინციპის დაცვა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი საკუთარ პროცესებში მონაწილებას ვერ იღებს.
„საყურადღებოა, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ნათელი და დასაბუთებულ განმარტება, თუ რა საფუძვლით შეიზღუდა ბრალდებულს საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება მაშინ, როდესაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს ბრალდებულის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის სხვადასხვა, მათ შორის ელექტრონული მართლმსაჯულების ფორმების გამოყენება. ეს ძალზედ ყურადსაღები ფაქტია, რათა არ შეიქმნას ნეგატიური პრეცედენტი სამართლიანი პროცესის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის“, – აცხადებს ის.
განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ნათლად განემარტა მის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რამდენიმე ადვოკატის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი.
„სასამართლოს განცხადება, რომ დაცვის უფლება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით აყვანილი ორი დამცველის მონაწილეობით, არ წარმოადგენს სხვა ადვოკატებისათვის სხდომაში მონაწილეობის შეზღუდვის სათანადო საფუძველს. განვმარტავ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ადვოკატთა შეუზღუდავი რაოდენობის დახმარებით და საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება შეუფერხებლად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, პატივის ცეს მოშიმშილე პატიმრის კანონმდბლობით გარენტირებულ ყველა უფლებას.
„თითოეული ადვოკატისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების უფლებები სრულად იყოს დაცული, ისინი არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყვნენ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებით“, – აცხადებს დავით ასათიანი.
„გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი და პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება. საქმესთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მსგავსი ჩანაწერების გავრცელებაზე გადაწყვეტილების მიღება უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აწარმოოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგებზე ინფორმირების გზით უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნულ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესი.
და ბოლოს, მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცედურის განხორციელება ადამიანის უფლებების, კანონის წინაშე თანასწორობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.