Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 193 429 183-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 175 მილიონზე მეტი, ხოლო გარდაცვლილია 4 151 729 ადამიანი.
რუსეთი (475 753 აქტიური შემთხვევა)
გასულ დღეს, 22 ივლისს რუსეთში კორონავირუსის 24 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, რუსეთში გამოვლენილია 6 054 711 კოვიდშემთხვევა. დაღუპულია 151 501 პაციენტი, მათ შორის ბოლო დღე-ღამეში – 796. აღსანიშნია, რომ რუსეთი მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებშიც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის მე-3 ტალღა მძვინვარებს. ბოლო რამდენიმე კვირაა ყოველდღიურად გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. კოვიდვითარებას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ვაქცინაცია არ სურს.
თურქეთი (107 803 აქტიური შემთხვევა)
თურქეთში, მაისის შემდეგ, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. გუშინ კორონავირუსის 9 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულია 5 563 903 ადამიანი. მათგან 5 405 339 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 50 761 პაციენტი, აქედან ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 9 586 ადამიანი. თურქეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა.
Reuters ამბობს, რომ თურქეთში კორონავირუსის შემთხვევებმა პიკს აპრილი-მაისის ტალღის დროს მიაღწია, როდესაც COVID-19-ის დღიური მაჩვენებელი 60 ათასს გადასცდა. მაისის შუა რიცხვებში თურქეთში ამოქმედდა მკაცრი შეზღუდვები, რის შედეგადაც ივნისის დასაწყისში დღიური მაჩვენებელი 4 ათასამდე დაეცა. შეზღუდვების უმრავლესობა კი ბოლო კვირებში გაუქმდა.
სომხეთი (4 910 აქტიური შემთხვევა)
გუშინ სომხეთში 2 კოვიდპაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა. სულ გარდაცვლილია – 4 575 ადამიანი. 22 ივლისს სომხეთში covid-19-ის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 228 161-ია. მათგან 218 676 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციები გასულ თვეში კვლავ გაიზარდა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ჩაიტარონ COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის ვაქცინის პირველი ან მეორე დოზა მიიღო მხოლოდ 144 ათასმა ადამიანმა, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენენ.
აზერბაიჯანი (2 646 აქტიური შემთხვევა)
გუშინ აზერბაიჯანში ერთ დღეში ინფიცირების 212 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კი Covid-19-ის 339 274 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 331 629 გამოჯანმრთელდა. სულ გარდაცვლილია 4 999 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში 1 პაციენტი გარდაიცვალა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი მკაცრ შეზღუდვებს 1 სექტემბრამდე გააგრძელებს. ქვეყნის საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. საჯარო ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ. შაბათ-კვირას და სახალხო დღესასწაულებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.
საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების 21 834 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 082 და გარდაიცვალა 20 კოვიდპაციენტი.