რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში | ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შეფასება

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადგილზე შეისწავლა 5-7 ნოემბერს მარტვილის რამდენიმე მონასტერში განვითარებული მოვლენები. ორგანიზაციის შეფასებით, პროცესებზე ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტერში მათი საცხოვრებელი სივრცეებიდან საპატრიარქომ, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, სათანადო პროცედურების გარეშე გამოასახლა და ამ პროცესში პოლიციამ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი ინტერესები. მათვე შეფასებით, პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ გამოსახლების პროცესის კანონიერება შეემოწმებინა და იძულების ქვეშ მყოფი სასულიერო პირების უსაფრთხოება და იურიდიული ინტერესები დაეცვა, მათი ნაწილი თვითნებურად დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამის განმარტებებიც კი არ მისცა.

„ჩვენი ორგანიზაცია ვერ შევა განკვეთისა და განკვეთილი სასულიერო პირების/ბერების საცხოვრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საეკლესიო სამართლებრივ განხილვაში, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის პერსპექტივიდან ცალსახაა გამოსახლების პროცედურის დარღვევა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს მხრიდან. აშკარაა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასულიერო პირების იძულებითი გამოსახლება საპატრიარქომ დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა დაწყებული გამოსახლების არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლებრივი პროცედურა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, იძულებით დაატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი სასულიერო პირებს.

საკუთარი ტრადიციული კელიებიდან ბერების გამოსახლება მოულოდნელად, იძულებით და ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის შეთავაზების გარეშე, სამართლებრივ პრობლემასთან ერთად, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და შავი სამღვდელოების სოციალური დაცვისა შიდა საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.

სამწუხაროდ, პოლიციამ არ უზრუნველყო უკანონო გამოსახლების შეკავება და ამ პროცესში სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვა. პოლიციის მხრიდან ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების დროს გამოვლენილი აშკარა ლოიალობა ადგილობრივი ეპისკოპოსისა და საპატრიარქოს მიმართ, რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს და ის საბოლოოდ სამსახურებრივი გულგრილობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფორმას იღებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ამ სენსიტიურ პროცესში პოლიცია ივიწყებს სოციალური მშვიდობის დაცვის მაღალ საჯარო ინტერესს და მიმხრობილი პოზიციონირების გამო, ვერ ახერხებს ადგილზე მრევლის წევრებს შორის შექმნილი დაძაბულობისა და კონფლიქტების ეფექტიან პრევენციას და მართვას“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, განკვეთილი სასულიერო პირების დევნის ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირებისა და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები.

ორგანიზაცია საპატრიარქოს მოუწოდებს, გაიაზროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების მძიმე სოციალური შედეგები მრევლისთვის და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოებისთვის და მიიღოს ყველა ზომა ეპარქიაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის; დაიცვას ბერებისა და მონაზვნების სოციალური ინტერესები და უსაფრთხოება ამ პროცესში.