ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე დაცვის მხარე რიგი მოწმეების უდაოდ ცნობას აპირებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ხაბეიშვილის ნაწილში სურთ მხოლოდ სამი მოწმის დაკითხვა, საუბარია გდდ-ის თანამშრომლებზე – შოთა პაპუაშვილზე, შოთა არჯევანიძესა და ბექა რუხაძეზე. მოწმეთა სიიდან ისინი დანარჩენ მოწმეებს უდაოდ ხდიან.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას ნაწილს, მისი ადვოკატის თქმით, მათ ასევე სურთ დაკითხონ ის მოწმეები, ვინც ზოდელავას დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. თუ ვის ხდიან უდაოდ – ისინი დაზუსტებულად შემდეგ სხდომამდე წინაწარ აცნობებენ ბრალდების მხარეს.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან სია საერთოა, მოწმეთა სიიდან პირთა ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.
რაც შეეხება სატელევიზიო, საჯარო კომენტარებს, ლევან ხაბეიშვილის დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ამ კუთხითაც სადაო არაფერია. „შეგვიძლია, საჩვენებლად, თქვენი შინაგანი რწმენის თვალსაზრისით, რამდენიმე გავუშვათ”, – აღნიშნა კონდახიშვილმა პროცესზე.
„ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია. სამად სამი მოწმე არის დასაკითხი, სხვა მხრივ ყველა ის მტკიცებულება – ლევან ხაბეიშვილის საჯარო გამოსვლები, ინტერვიუები, სოცქსელში ჩაწერილი ვიდეოები – ეს არის საჯარო გამოსვლები, რომელიც არის ლევანისვე გამამართლებელი ცალსახა მტკიცებულებები… ეს მტკიცებულებები ჩვენ შეგვიძლია, რომ უდაო მტკიცებულებად ჩავთვალოთ… ლევანს ედავებიან მის საჯარო განცხადებებს და ამას უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება.
რაც შეეხება ამ სამ მოწმეს, ისინი გამოძიების ეტაპზე ამბობდნენ, რომ აგვისტო-სექტემბერში ისმენდნენ ხაბეიშვილის სატელევიზიო ეთერებს და აღქივეს აღნიშნული შეურაცხყოფად“, – განაცხადა კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სატელევიზიო კომენტარების უდაობაზე და პროცესის გაჭიანურებაზე სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა მას საჯარო გამოსვლებს ედავება, რაც ისედაც საჯაროა და ამ კუთხით სადაო არაფერია. მისი თქმით, სასამართლოს განაჩენით დადგინდება – ისჯება თუ არა დღეს საქართველოში საჯაროდ ლაპარაკი.
მან აღნიშნა ისიც, მისი საქმის არსებითი განხილვა ჭიანურდება და რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე განაჩენი მალე დადგეს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესები ჩატარდეს სწრაფად და მართლმსაჯულება დადგეს სწრაფად, მე არაფერი დასამალი არ მაქვს. უდაობასთან დაკავშირებით როცა ვსაუბრობთ, პრობლემა არ მაქვს მარტივი რამის გამო – პროკურორი კი არ მედავება, რომ ჩუმად რამეს ვაკეთებდი, რომ მერე ეს უნდა ვაღიარო ან არ ვაღიარო… ჩუმად გაკეთებულს ეს კაცი არაფერს მედავება… თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმის გამო, რომ უნდა დაედასტურებინათ, რომ ეთერში რომ ვიყავი, მე ვიყავი. მე რომ მე ვიყავი, ამის გამო თვენახევარი დამატებით საკანში მამყოფეს.
…რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მალე უნდა იყოს.., არ მაქვს პრობლემა სადაოობაზე, ჩემი სატელევიზიო განცხადებებია, როგორ უნდა გავხადო სადაოდ. საჯარო, პოლიტიკურ განცხადებას რომ განვიხილავთ აქ, ეგ არის დიდი უბედურება. რომ მედავებოდეთ თქვენ, რომ ჩუმად რამე გააკეთე თუ არა, მაშინ ვიტყოდი კის ან არას და უნდა გვედავა – კი თუ არა. არ მედავებიან, ჩუმად რამე გააკეთეო და ტელევიზიაში რა ვილაპარაკე, თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, საჯაროდ, კი არ დამიმალავს – პოლიტიკურ განცხადებას რომ ვაკეთებდი, ფარულად კი არ ვაკეთებდი…
ის გდდ-ის თანამშრომლები ხომ შეიძლებოდა, დღეს მოგეყვანათ და გავივლიდით… ვკითხავდით, როგორ იგრძნო თავი უხერხულად.
ჩემს საქმეში პროკურატურას, რომ ფარული რამე [გავაკეთე] არ არსებობს, არის ყველაფერი საჯარო – საჯარო განცხადებებია. მედავებიან იმაზე, რომ რაღაცა საჯაროდ თქვი…
4 თვეა, წინ ვერ წავიწიეთ, 4 თვეა, სასამართლო ვერ დავიწყეთ… მე ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და ვერ გავმტყუნდები, გამორიცხულია, მაგრამ ასეც რომ იყოს, და ვიღაცამ თქვა, რომ ასე უნდა იყოს, მალე მინდა რომ დადგეს ეს [განაჩენი], რომ ბოლოს და ბოლოს გავიგოთ ყველამ – საჯაროდ საუბარი არის დანაშაული თუ არა. ჩემთვისაც საინტერესოა – თუ მეუბნებით, რომ ეს არ უნდა თქვა, ეს დანაშაულია, აგერ ვარ ბატონო და საერთოდ შევწყვეტ პირობითად საქმიანობას და მეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება ლაპარაკიც კი.
თუ ამის დაკანონებას აპირებთ, მეცოდინება. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი, რადგან 11 ივნისს დაწყებულ ჩემს განცხადებებზე სექტემბერში დამიჭირეთ. ივნისი ივლისი, აგვისტო – რას ელოდებოდით? 12 გადაცემა რომ მოიტანეთ, პირველ გადაცემაში თუ დანაშაული იყო, მეორეში და მესამეში, 12-ს ელოდებოდით?…
…თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც კაცო. 5 თვე ვზივარ, ვიღაც სამმა კაცმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავიო”, – აღნიშნა მან.
მომდევნო პროცესი 22 იანვარს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
რას ედავებიან ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას?
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარუდგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს…
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისათვის დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება”, – წერია განცხადებაში.