რა ხდება თსუ-ის რექტორის გადადგომის შემდეგ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საზოგადოებამ 7 ოქტომბერს გაიგო.

რა ხდება მისი გადადგომის შემდეგ, როგორია ახალი რექტორის არჩევის წესი?

საკითხს „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი არეგულირებს.

კანონში აღნიშნულია, რომ რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში  აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მოვალეობის შემსრულებლის შერჩევამდე აკადემიური საბჭო გამოაცხადებს კონკურსს და ნებისმიერ პირს, ვინც დააკმაყოფილებს კანონისა და საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, შეეძლება კონკურსში მონაწილეობა.

მოვალეობის შესრულებისთვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის შემდეგ კი გამოცხადდება კონკურსი რექტორის შესარჩევად.


რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ის ყოფილი რექტორის გიორგი შარვაშიძის შემდეგ თანამდებობას ჯაბა სამუშია დაიკავებდა.

გუშინ, 9 ოქტომბერს დღის განმავლობაში ჯაბა სამუშიას facebook-გვერდზე მილოცვებს უწერდნენ და ახალ პოზიციაზე წარმატებებს უსურვებდნენ.

საკითხს ასევე გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა. ისინი გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ცხადია, „უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ”.

მოგვიანებით საკითხს facebook-პოსტით გამოეხმაურა ჯაბა სამუშია. აღნიშნა, რომ მის დანიშვნაზე დეზინფორმაცია ვრცელდება.

„ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ის წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ის ტრადიციას”, – წერდა ის.