რა კითხვას დასვამს „ალტინფო“ და რას უპასუხებს ლავროვი, ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია - მდინარაძე

პუბლიკა

„რა კითხვას დასვამს „ალტინფო“ და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოხმაურებებს ოპოზიციაში, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას მოჰყვა.

„რუსეთს – ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!

რუსეთს – მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!

რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.

რუსეთს – ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!

რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რუსეთსაც – გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!

რუსეთთან – არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!

რუსებისგან – იღებენ შემოსავალს, – ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!

ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!

პ. ს. რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!“, – წერს მდინარაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს იმის გამო, რომ, მისი თქმით, გაუძლეს დასავლეთის ზეწოლას, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. სერგეი ლავროვის კომენტარს რუსული პროკრემლისტური მედია ავრცელებს.

„დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფა- პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი, კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას“,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას.