რა კითხვები აქვს აქციის მონაწილეს ომბდუსმენსა და პირველ არხთან

პუბლიკა

განათლების სამინისტროსთან დირექტორთა კონკურსის მონაწილეთა პროტესტი გრძელდება.

აქციის მონაწილე მაია ეკალაძე ამბობს, რომ პროტესტი არ შეწყდება და ხვალ, 12 საათზე, განათლების სამინისტროსთან უფრო მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

„მოგიწოდებთ, დღესაც და ხვალაც, განსაკუთრებით ხვალ, შევიკრიბოთ მასწავლებლები, საზოგადოების სხვა წევრები, შევიკრიბოთ და ვუთხრათ მინისტრს, რომ ეს ორი კაცის პროტესტი არაა“. – ამბობს ეკალაძე.

მაია ეკალაძეს კითხვები აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ომბუდსმენთან.

მისი თქმით, 15 ნოემბრიდან მოყოლებული პირველ არხს ყოველკვირეულ გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ დირექტორთა კონკურსზე გადაცემის მომზადებას და ეთერის დათმობას სთხოვენ.

„ოთხშაბათს ისევ დავურეკე პროდიუსერს და მითხრა, რომ მათი გადაცემის ფორმატი განსხვავებულია. მერე მითხრა, რომ საერთოდ საათობრივ ბადეში არაა გადაცემა, რადგან წამყვანი უცხოეთშია წასულიო.“ – ამბობს ეკალაძე.

დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერის დათმობის მოთხოვნით პირველად 15 ნოემბერს მიმართეს.

დავით ფერაძე 15 ნოემბერს თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც მაუწყებლის შენობის წინ არის ჩაწერილი, ჰყვება, რომ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად შეხვდნენ პროდიუსერს.

„ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არის ჩვენი არხი, ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და აქედან გამომდინარე, უნდა გვქონდეს ჩვენი აზრის გამოთქმის საშუალება. მივედით შეთანხმებამდე და მადლობა არხის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შეგვხვდნენ. შეგვხვდა გიორგი გვიმრაძეც. მივედით კონსენსუსამდე რომ აუცილებლად მომზადდება დირექტორების არჩევნების საკითხზე შემდეგი გადაცემა.“ – ამბობს დავით ფერაძე 15 ნოემბერს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

გადაცემა ოთხშაბათობით გადის ეთერში და 15 ნოემბრის შემდეგ კიდევ 3 გადაცემა უნდა მომზადებულიყო – 22 და 29 ნოემბერს და 6 დეკემბერს.

სამი გადაცემიდან ორი გაუქმდა. 29 ნოემბრის ეთერი კი პედაგოგთა ხელფასის ზრდის თემას დაეთმო.

„პუბლიკა“ გადაცემის პროდიუსერს დაუკავშირდა. თამარ ციციშვილის თქმით, 15 ნოემბრის შემდეგ ორი გადაცემა ჩავარდა, ამჟამად წამყვანი საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნების შემდეგ გაივლის მასთან ამ თემის გაშუქების საკითხს.

დირექტორთა კონკურსის ორი მონაწილე ორშაბათიდან, 4 დეკემბრიდან,  24 საათის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან ღია ცის ქვეშ იმყოფებიან.

აქციის შესახებ 9 საათიან „მოამბეში“ არცერთი სიუჟეტი არ გასულა. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ 9-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერმა ნინო თარგამაძემაც დაუდასტურა.

„პუბლიკა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ეკა შონიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ აშუქებს მაუწყებელი ამ აქციას.

„ვერ გავიგე რა შეკითხვით მირეკავთ. თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში, რა შუქდება საინფორმაციო გამოშვებაში? არ ვარ ვალდებული, პასუხი გაგცეთ, რა შუქდება და რა არ შუქდება საზოგადოებრივი მაუწყებელში.“ – განუცხადა „პუბლიკას“ ეკა შონიამ.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა მაუწყებლის ერთ-ერთი პროდიუსერს, მაია ბუთბაიას. „დღეს გავა ეს თემა ეთერში.“ – გვიპასუხა მაია ბუთბაიამ შეკითხვაზე, წინა დღეებში რატომ არ გაშუქდა ეს აქცია არხის საინფორმაციო გადაცემაში.

 „არ ვიცი. დღეს ნამდვილად გავა ეს თემა. პირადად ჩემთვის არ დაურეკავთ. ეს აქცია მე „ფორმულაზე“ ვნახე. რომ ვნახავთ, მერე კი მივდივართ-ხოლმე და ეს პრაქტიკა გვაქვს, მაგრამ უშუალოდ არ მოუმართავთ. „მოამბეში“ არ შემოსულა ზარი ამაზე. დღეს 9-საათიანში გავა“. – ამბობს მაია ბუთბაია.

„სახალხო დამცველს შეჩერებული გაქვს წარმოება“

მაია ეკალაძეს კითხვები აქვს სახალხო დამცველთან. მისი თქმით, დირექტორთა კონკურსის მესამე ეტაპის შემდეგ შეხვდნენ ლევან იოსელიანს. იოსელიანისგან მიიღეს პირობა, რომ უშუამდგომლებდა მათ მინისტრთან, თუმცა ამ დრომდე უკუკავშირი არ მიუღიათ ომბუდსმენის აპარატიდან.

„აქ დგომის პერიოდში საერთოდ არ შეგვხმიანებია. სამშაბათს შუადღეს დავუკავშირდი, ვითხოვეთ, რომ მოეცათ სამინისტროს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება. არავინ დაგვკავშირებია, მოადგილემ კი გვიპასუხა, რომ მოელაპარაკებოდა სამინისტროს საპირფარეშოს თაობაზე.“ – ამბობს ეკალაძე.

„პუბლიკა“ სახალხო დამცველის მოადგილეს, თამარ გვარამაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ის 9 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა და საჭიროების შემთხვევაში ამ შეხვედრის შემდეგ მოვლენების განვითარებაზე განმარტებას გააკეთებს ომბუდსმენი, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება ვიზიტით.

რაც შეეხება კონკურსის მიმდინარეობისას დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნას. გვარამაძის განმარტებით, დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა ოფიციალურად ნოემბერს მიმართეს აპარატს დისკრიმინაციის დადგენაზე, თუმცა საქმის წარმოება ომბუდსმენს შეჩერებული აქვს, რადგან მათ სასამართლოსაც მიმართეს და ასე დროს ომბუდსმენის აპარატს კანონი ავალდებულებს, შეაჩეროს საქმის შესწავლა.

„მათ აქვთ წუხილი, რომ პოლიტიკური შეხედულებების, ან განსხვავებული მოსაზრებების გამო გახდნენ დევნის მსხვერპლი. მათ სურთ, დადგინდეს, რომ დისკრიმინაციული სარჩულით არ დაინიშნნენ თანამდებობებზე.

ჩვენ დავიწყეთ შესწავლა, მაგრამ მათ მიმართეს სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში, როცა პირი სასამართლოს მიმართავს, კანონი გვავალდებულებს, შესწავლა შევაჩეროთ. ამ წუთას ამ თემასთან მიმართებით აპარატი ხელ-ფეხ შეკრულია და ვერ სწავლობს ამ საკითხს.

წლების წინ ერთ-ერთ კანდიდატზე დისკრიმინაცია აპარატს დადგენილი აქვს და შესწავლის დაწყებაზე პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ, პროცედურაა ასეთი – თუკი ის საკითხები, რომელთაც სადავოდ ხდის ადამიანი სასამართლოში, ემთხვევა ჩვენთან სადავოდ გამხდარ საკითხებს, ეს არის თანხვედრა და გადაფარვა. კანონი გვავალდებულებს, რომ შევაჩეროთ საქმის შესწავლა.“ – ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი პროტესტს თვალს ადევნებს და დაცულია მათ შეკრების უფლება.

„პროტესტს ვადევნებთ თვალყურს. შეკრების უფლება ამ შემთხვევაში დაცულია. შეიძლება მკითხოთ, რატომ არ აქვს საშუალება, საჭირო ოთახით ისარგებლოს. ვიცით ეს პრობლემაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მკაცრად უფლებრივი სტანდარტი არ ავალდებულებს კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებას, რომ ამ მიზნით შეუშვან შენობაში პირი. მე მქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია.“ – ამბობს გვარამაძე.

ჩვენ მას ვკითხეთ, ზოგადად აპირებს თუ არა ამ თემის შესწავლას აპარატი.

„ჩვენ ხომ ზოგადი მანდატიც გვაქვს, გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი, დოკუმენტაციის ნახვა შეგვიძლია, მაგრამ წინასწარ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რომ მოვა ეს დოკუმენტები, როგორ შეიძლება შეაფასოს აპარატმა.“

დირექტორთა კონკურსის რამდენიმე მონაწილე, მე-5 დღეა, სამინისტროსთან აქციას მართავს. ისინი დირექტორთა კონკურსში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ სამინისტროს. მაია ეკალაძე ამბობს, რომ მისი გასაუბრების დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ პროცედურულ დარღვევებს და სავარაუდოდ, მისი კანდიდატურა კრიტიკული სამოქალაქო პოზიციების გამო დაიბლოკა. მაია ეკალაძემ სხვა 26 კანდიდატთან ერთად მიმართა სასამართლოს. მათ ინტერესებს სასამართლოში ISFED იცავს.