საჯარო სკოლის დირექტორთა გარკვეული ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დიერქტორი ბელა ხუბუტია ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 სექტემბერს შეუწყდა, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია შეძლებს თუ არა სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის გაგრძელებას, ისე, როგორც ეს ზოგიერთი მისი კოლეგის შემთხვევაში მოხდა.
ბელა ხუბუტია სკოლის დირექტორებთან მიმართებით, სამინისტროს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს, უფრო კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში (სადაც მე-10 საჯარო სკოლა მდებარეობს) მდებარე 48 საჯარო სკოლიდან , პირველ ეტაპზე 29 სკოლის დირექტორს სამინისტროდან მიეთითათ, რომ დაეწერათ განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს თხოვდნენ თავისი კანდიდატურის წარდგენას მათსავე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. ბოლო მონაცემებით კი რაიონში სულ 6 დირექტორი აღმოჩნდა ისეთი, რომლებსაც მსგავსი მითითება განცხადების დაწერის თაობაზე არ მიუღიათ, მათ ხელშეკრულება შეუწყდათ და არც გაგრძელებიათ.
„რეალობა არის ეს, რომ წინასწარ იცოდნენ დირექტორებმა, წინასწარ დაუკავშირდნენ იმ დირექტორებს, რომლებსაც მიეცათ ეს უფლება, რომ დაეწერათ განცხადება, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თავისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
მე მაგალითად 8 სექტემბერს შემიწყდა უფლებამოსილება და ჩემი ინიციატივით, როგორც მოქალაქე ბელა ხუბუტიამ სამინისტროში შევიტანე განცხადება იმისათვის, რომ განიხილონ ჩემი კანდიდატურა მე-10 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ველოდები პასუხს, თუმცა არამგონია, რომ ეს იყოს დადებითი, იმიტომ რომ თუ არ გეუბნებიან წინასწარ დაწერე განცხადება, სავარაუდოდ პასუხიც იქნება უარყოფითი“,- უთხრა „პუბლიკას“ ბელა ხუბუტიამ.
კითხვაზე, თუ თავად რას უკავშირებს ამგვარ შერჩევით დამოკიდებულებას, ბელა ხუბუტია ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც დირექტორის შრომითი უფლებები შეიზღუდა:
„განათლების სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა დირექტორების კონკურსი, ისინი ამბობენ, რომ პანდემიის გამო ვერ ჩაატარეს, თუმცა ეს ეჭვებს ბადებს, რადგან პანდემიის პირობებშივე ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები, აქ რამდენადაც ვიცი დაახლოებით 1000 ადამიანია დარეგისტრირებული დირექტორების შესარჩევი კონკურსისათვის, ასე რომ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ჩატარებულიყო.
ცხადია ეს ბადებს ეჭვს, იმიტომ რომ კონკურსის პირობებში უკვე ჩემნაირ დირექტორებს უფლება ექნებოდათ სხვა სკოლებში წარედგინათ თავიანთი კანდიდატურა და გაივლიდა დირექტორების კონკურსის ყველა ეტაპს, რომელიც დირეტქორების კონკურსით დებულებით არის გაწერილი, ხოლო როდესაც სამინისტრო თავის თავზე იღებს დისკრეციულ უფლებამოსილებას – ათავისუფლებს და ნიშნავს, ეს მათთვის უფრო მარტივად არის გადასაწყვეტი და გადასაჭრელი“,- განმარტავს ბელა ხუბუტია.
მის განცხადებასთან ერთად განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართეს სკოლის მშობლებმა და მასწავლებლებმა და ასევე ითხოვეს, რომ აღნიშნული განცხადებების განხილვამდე არ დაწერონ ბრძანება სკოლაში მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თაობაზე. ბელა ხუბუტია ამბობს, რომ მოვალეობის შემსრულებელი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაინიშნება, ის სამნისტროს მხრიდან ოფიციალურ პასუხს ელოდება.
„პუბლიკა“ განათლების სამონისტროს დაუკავშირდა რათა მიგვეღო ზუსტი ინფორმაცია თუ ამ დროისთვის რამდენ დირექტორს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და მათგან რამდენი გააგრძელებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას. აღნიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ, სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაცემები საჯარო ინფორმაციის წესით უნდა გამოვითხოვოთ.
გუშინ, 9 სექტემბერს, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა.
„განათლების სამინისტრომ დაწერა ბრაძანება, სადაც გაათავისუფლა ის დირექტორები, რომლებსაც დირექტორობის 6-წლიანი ვადა გაუვიდათ. მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს პანდემიის გამო მათ ვერ მოახერხეს გამოცდების ჩაბარება და ამიტომ ყველა მათგანი გაათავისუფლეს. წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა. გუშინვე სამინისტრომ დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეული კადრები. ეს ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ სამინისტრომ დასაჯა პოლიტიკურად მმართველი გუნდის „ურჩი“ პროფესიონალები. რაც მთავარია, ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ ზეწოლა განახორციელონ დირექტორებზე“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მინისტრი აწერს ხელს უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანებას, რის შემდეგაც სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელახლა წარედგინებათ დირექტორობის მსურველი კანდიდატები. მოცემულ ეტაპზე პანდემიის გამო დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა.
ხოლო იმ პირებისთვის, რომლებსაც სკოლის დირექტორობა სურთ, სერტიფიცირების პროცესი განათლების სამინისტრომ თებერვლიდან დაიწყო. როგორც მაშინ მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განმარტა ეს პროცესი არ ეხება უკვე მოქმედ სკოლის დირექტორებს, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ. სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება. გამოცხადდა რეგისტრაციაც, სადაც 2000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თუმცა პროცესი გადაიდო, სამინისტროში განმარტეს, რომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულებისთანავე ჩატარდება.