სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, კონკრეტულად რა შემთხვევაში როგორ დახმარებას მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან.
„ფერმერები, რომლებიც ფლობენ და რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მიიღებენ იმ სუბსიდიას, რომელზეც გვქონდა საუბარი პრეზენტაციაში. ეს იცით რომ არის 200 ლარის შეღავათი ჰექტარზე და პროპორციულად მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა ნაკვეთს ფლობენ.
ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰექტრიდან ზემოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და რეგისტრირებული აქვთ ასევე საჯარო რეესტრში, ისინი მიიღებენ შეღავათს დიზელზე, ანუ შეღავათიანი პირობებით მიიღებენ და შეღავათიანი ფასით დიზელს, რომელზეც დეტალური პრეზენტაცია ამ კვირის განმავლობაში გვექნება, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც, მინიმუმ, 50 თეთრზე მეტით განსხვავდება არაბრენდირებული საწვავის მიმწოდებელი დისტრიბუტორებისგან, მაგრამ საბითუმო ფასებთან შედარებით, საბითუმო შეძენის შემთხვევაში, ეს თითქმის ლარით არის სხვაობა საწვავის გასამართ პუნქტებთან მიმართებით.
იცით ამ შემთხვევაში 150 ლიტრის კვოტაა, აქ უკვე ფერმერები მიიღებენ მაქსიმუმ 15 000 ლიტრს 100 ჰექტრის ოდენობით, თუმცა ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ 200, 300, 400 ან უფრო მეტ ნაკვეთსაც, ისინი მაინც სარგებლობენ 100 ჰექტრის შეღავათით”, – განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილის განმარტებით, კუთვნილი ფულადი დახმარების მისაღებად ფერმერები საბანკო მომსახურებით ისარგებლებენ იმ ბანკით, რომლის ყველაზე მეტი ფილიალია რეგიონებში, ასეთი კი არის „ლიბერთი”. ვინც აღნიშნული ბანკის საკრედიტო ბარათს ფლობს, ის შეღავათს ამ ბარათზე მიიღებს, ხოლო მათ, ვისაც მიწები რეგისტრირებული აქვთ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდებიან, თუმცა ბარათი ჯერ არ აქვთ, ერთი თვის განმავლობაში, ბანკი მიაწვდის ამ ბარათს.
როგორ დაეხმარება სახელმწიფო ფერმერებს – სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა