რა მეთოდებით ახდენს კრიმინალური სამყარო გავლენას არჩევნებზე - კვლევა

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა  „პრევენცია პროგრესისთვის“ (PFP) (ყოფილი „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“) და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი (IDSD) განახორციელეს კვლევა, რომლის მიზანიც იყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრის დღე) კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა შეფასება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 და 2021 წლის არჩევნების პერიოდში ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, არამედ ჟურნალისტები და დამკვირვებლები.

ამ პროცესებს თან ახლდა ამ ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირება. წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა უთანასწორო შესაძლებლობებით მმართველ პარტიასა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

კვლევიდან იკვეთება, რომ ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად, აქტიურად იყენებს მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის, დაშინებისა და იძულების გზებს. რესპონდენტებმა დაასახელეს კონკრეტული ფაქტები, მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ცალკეული მუნიციპალური სერვისის თუ სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარის შესახებ, ასევე, ხმის სანაცვლოდ, დასაქმების, ცალკეული სამედიცინო მომსახურების მუნიციპალური თანხებიდან დაფინანსების ან სხვა ტიპის დახმარების დაპირებების თაობაზე.

ცალკე უნდა აღინიშნოს ხელისუფლების სასარგებლოდ ე.წ. კრიმინალური და უბნის ავტორიტეტების ჩარევა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. მათი აქტივობა, როგორც წესი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე იწყება, ხოლო განსაკუთრებულ მასშტაბს არჩევნებამდე 7-10 დღით ადრე იძენს. კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, კვლავაც აქტუალურია, ხოლო არაფორმალური ჯგუფების მიერ გამოყენებული ზემოქმედების ბერკეტები საკმაოდ მრავალფეროვანია.

ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც კვლევის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფები იყენებდნენ არის ოპოზიციის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე „უბნის ავტორიტეტების“ ახლო დისტანციაზე შეჯგუფება, ხმამაღალი გინება და გამომწვევი ქცევა პროვოკაციის მოწყობის და უბნებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლის მიზნით. გარდა ამისა, ზემოქმედების ე.წ. ბერკეტებს შორის არის ფსიქოლოგიური ძალადობაც, როდესაც ე.წ. „უბნის ავტორიტეტები“ როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს უბნებში აქტიურად გამოჩენით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ოპოზიციურად ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველზე. კენჭისყრის დღეს, ისინი ჯგუფდებიან საარჩევნო უბანთან, რითიც მიანიშნებენ ამომრჩეველს, რომ თვალყურს ადევნებენ ხმის მიცემის პროცესს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აკონტროლებენ ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხს. როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სწორედ ხმის მიცემის ფარულობის მიმართ ამომრჩევლის სკეპტიციზმი წარმოადგენს.

კვლევის თანახმად, არსებული სურათი, ასევე საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ მათი არჩევანი, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან აფიქსირებენ, ცნობილი გახდება მათზე ზეწოლის განმახორციელებელი პირებისთვის. ამომრჩეველს უმყარდება რწმენა, რომ არჩევნების შემდეგ ისინი პირისპირ დარჩებიან ე.წ. უბნის ავტორიტეტებთან და მათი ან/და მათი შვილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ან თავს არიდებენ არჩევნებში მონაწილეობას, ან ზეწოლის შედეგად ხმას აძლევენ არასასურველ კანდიდატს.

კვლევის დროს დასახელდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე ე.წ. უბნის ავტორიტეტების მიერ შექმნილმა დაძაბულობამ და საარჩევნო გარემომ, აიძულა ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი საარჩევნო უბნიდან უკან გაბრუნებულიყო და უარი ეთქვა მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაზე.

როგორც ირკვევა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მოტივაცია და მათი სუბკულტურული სტატუსი განსხვავებულია. რეგიონებში საუბარია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებზეც“, რომლებიც ე.წ. „პრაგონით“ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ადგილებზე ქალაქების, თუ უბნის მაყურებლები, ასევე ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ამ სუბკულტურას მიაკუთვნებს თავს ან მის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, არჩევნებში უნდა დაეხმაროს სახელისუფლებო კანდიდატს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ ჯგუფების ჩართულობის შესაფასებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატუსით სარგებლობენ ეს პირები კრიმინალური სუბკულტურის იერარქიაში. რასაკვირველია, ამ პროცესში კონკრეტული სტატუსის მქონე კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ „მაყურებლები“ და „უბნის ავტორიტეტებიც“ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ ჯგუფებსა და საჯარო მოხელეებს/მმართველი პარტიის წევრებს/აქტივისტებს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილი იყო – ისინი ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად, ერთმანეთის ანალოგიური მეთოდებით მოქმედებდნენ.

კვლევის ფარგლებში არჩევნების პროცესში „მაღალი ავტორიტეტის მქონე“ კრიმინალური ავტორიტეტების – „კანონიერი ქურდების“ ჩართულობის შემთხვევებიც გამოიკვეთა. რესპონდეტების ნაწილის განმარტებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერ ქურდები“, ე.წ. „პრაგონით“ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადგილებზე ქალაქების, თუ უბნის მაყურებლები, ასევე ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ამ სუბკულტურას მიაკუთვნებს თავს ან მის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატს უნდა დახმარებოდა.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენცია, რომ სულ უფრო გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს ფიქტიური არასამთავრობო/სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია და მათი წარმომადგენლების უკვე ოფიციალურად, დამკვირვებლის სტატუსით მობილიზება.

უბნებზე კვლევის რესპონდენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღნიშნა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე უკვე მოქმედებდნენ, როგორც ოფიციალური სტატუსის მქონე პირები და ამ ფორმით ცდილობდნენ ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, სხვა დამკვირვებლების პროვოცირებას მათი საარჩევნო უბნიდან გაძევების მიზნით და სხვა.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ამომრჩევლის მოსყიდვის იმგვარი შემთხვევებიც, როდესაც გარკვეულ პირებს/ჯგუფებს, ხელისუფლების სასარგებლოდ აქტიურობისთვის, ოჯახის წევრის ან მეგობრის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობდნენ. აღნიშნული ფაქტების თაობაზე რესპონდენტებმა მიუთითეს როგორც 2020, ასევე 2021 წლის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით. კვლევის მონაწილეთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზოგ შემთხვევაში, გარკვეულ პირებს შეგნებულადაც კი აკავებდნენ წინასაარჩევნოდ, რათა დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების პროცესში ჩაერთოთ.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტთა ნაწილმა ისაუბრა ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებზე, რომლებშიც გამოყენებული იყო ნარკოტიკული საშუალებების დარიგება და ამ ფორმით კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების მოტივირება სახელისუფლებო პარტიის თუ კანდიდატების მხარდაჭერის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს თითქმის ყველა ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით მიეწოდებოდათ ინფორმაცია, პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები საჯარო განცხადებებსაც აკეთებდნენ ყველა ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფაქტებზე, როგორც წესი, სათანადო რეაგირება არ ხდებოდა. უმეტეს შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს მომხდარ ინციდენტებს ყოფითი სახის დაპირისპირებებად აკვალიფიცირებდა და გამოძიებასაც შესაბამისი მუხლებით იწყებდა, რომლებიც კავშირში არ იყო არჩევნების პროცესებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ მართალია, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული, თუ რა სახის პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური ჯგუფების/კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობა. თუმცა, დღემდე არ არსებობს პრობლემის მოგვარების ერთიანი სტრატეგიული ხედვა. აღნიშნულ ფენომენზე რეაგირება, ხშირ შემთხვევაში, ამ პრობლემის მშრალი აღწერით, მედია საშუალებებით გაშუქებით და ცალკეულ ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვით შემოიფარგლება. შესაბამისად, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, იგი სულ უფრო მწვავდება და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ახალ ფორმებსა და მეთოდებს იძენს.


კვლევა განხორციელდა სამაგიდე და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. სამაგიდე კვლევის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების კვლევების/ანგარიშების, სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი, რომლებიც უკავშირდებოდა 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს; ასევე, განხორციელდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის და საჯარო/სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ასევე უკავშირდება აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს.

ჩაღრმავებული ინტერვიუების ფარგლებში გამოიკითხნენ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები და ადგილობრივი/საერთაშორისო არასამთავრობო/სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები. რესპონდენტების შერჩევისას გათვალსწინებული იქნა მათი გამოცდილება როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, მმართველ პარტიასთან (ქართული ოცნება) კომუნიკაციის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ამ პარტიის წარმომადგენლების გამოკითხვა.