დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
პრეზენტაციისას მინისტრმა ისაუბრა ახალი მეთოდის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები მიმდინარე სემესტრის ბოლოს შეფასდებიან.
მინისტრი ამბობს, რომ მეთოდი გულისხმობს მოსწავლის როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.
მინისტრის განმარტებით, განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, რაც გულისხმობს თითოეული მოსწავლის შემთხვევაში წერილობით აღწერას მისი აკადემიური დინამიკის, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ; ასევე შენარჩუნებული იქნება განმსაზღვრელი – ნიშნით შეფასება.
როგორ განისაზღვრება ნიშანი?
მინისტრის თქმით, იმისათვის, რომ წახალისდეს სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობა აკადემიური მიმართულებით, სკოლებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სკოლის ინდივიდუალური სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ რომელ მეთოდს გამოიყენებენ მოსწავლის ნიშნით შეფასებისას.
კერძოდ, სამინისტრო სკოლებს სთავაზობს ორ ალტერნატივას:
პირველი – მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა;
მეორე – მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრის ქულა, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში (ეს 6 კვირა არის პანდემიამდე, ანუ სკოლებში სწავლის შეჩერებამდე) გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული ქულა.
მე-5-კლასელების შემთხვევაში, ვინაიდან მათთვის განმსაზღვრელი (ნიშნით) შეფასება მეორე სემესტრიდან იწყებოდა, ისინი შეფასდებიან მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციურად სწავლის ფორმატში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეფასება საერთოდ არ გააჩნია, მოსწავლის შეფასების ქულა განისაზღრება ისივე, როგორც მე-5-კლასელების შემთხვევაში, ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე.
როგორ მოხდება საგნის წლიური ქულის ამაღლება?
მინისტრი აცხადებს, რომ მე-12 კლასის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ განსაზღვრული წლიური ქულა, 2020 წლის 21 მაისიდან 29 მასისი ჩათვლით, ისინი ან მათი კანონიერი წარმომადგენლები აფიქსირებენ სურვილს, რომ მათ სურთ ნიშნის ამაღლება, ამ შემთხვევაში თითოეული სკოლის ადმინისტრაცია 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც შეფასდება მოსწავლე.
რაც შეეხება მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც გადიან განათლების სისტემიდან, მათაც ანალოგიური სისტემით შეეძლებათ ნიშნის ამაღლება. განსხვავება არის თარიღებში; კერძოდ, მათ 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით სკოლის ადმინისტრაციაში უნდა დააფიქსირონ ნიშნის ამაღლების სურვილი და სკოლის ადმინისტრაცია 30 ივნილის ჩათვლით მოსწავლეს მისცემს ამ კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მოსწავლის შეფასება.
რაც შეეხება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, რომლებმაც დააფიქსირეს სურვილი, რომ აიმაღლონ წლიური ქულა, ამ შემთხვევაში 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ისინი მიმართავენ სკოლას. ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მოსწავლეს ექნება 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, ანუ სექტემბრიდან. მინისტრის თქმით, ვინაიდან ისინი არ ტოვებენ სკოლას, საშუალება ექნებათ, ახალი სასწავლო სემესტრის განმავლობაში მოამზადონ მათთვის განკუთვნილი კომპლექსური დავალება, რომლის ნიშანსაც არაუგვიანეს სემესტრის ბოლოს მიიღებენ.
მინისტრის განცხადებით, წელს სასწავლო პროცესი მეთორმეტეკლასელებისთვის 20 მაისს დასრულდება; პირველკლასელებისთვის 27 მაისს, ყველა დანარჩენი მოსწავლისათვის კი – 15 ივნისს.