დღეს საზოგადოებრივმა სექტორმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივი კომისია წარადგინა.
სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის მიზანია, დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები – მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ. პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან.
კომისია დააკვირდება საარჩევნო პროცესებს და რეაგირებას მოახდენს შესაბამის ფაქტებსა და მიმართვებზე. ამასთან, კომისია ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების გავრცელებას და დაინტერესებულ პირებს შუამდგომლობას გაუწევს უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.
კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბერს განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს.
„კომისია ეცდება, დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს, მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხარეიდან და მოახდინოს რეგირება იმ ფაქტებზე, რომელიც შეიცავს პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებს, იქნება ეს სკოლის ადმინისტრაციასა თუ მასწავლებლებზე.
აქვე გვინდა, მოვუწოდოთ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ისე მასწავლებლებს, რომ მომართონ კომისიას და გაუზიარონ თავიანთი დაკვირვება, წუხილი. დისკრიმინაციის შემცველი ფაქტების შემთხვევაში კომისია ეცდება, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი შესაბამის პირებს და, საჭიროებიდან გამომდინარე, უშუამდგომლოს კიდეც უფლებადაცვით ორგანიზაციებთან. ასე რომ, მოვუწოდებთ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს, გამოეხმაურონ კომისიას“, – განმარტა „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.
მისივე განმარტებით, კომისია არ იმუშავებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ. მისი საქმიანობა შემდგომშიც გაგრძელდება.
„რაც შეეხება წინაპირობებს, ერთ კონკრეტულ ფაქტზე, ჯერჯერობით, საუბარი გვიჭირს. იმედი მაქვს, მომართვები გვექნება და გაგვიზიარებენ ადამიანები თავიანთ წუხულს, თუმცა გვინდა, გამოვეხმაუროთ თუნდაც რამდენიმე კვირის წინ დირექტორების გათავისუფლებას და მათ მოვალეობის შემსრულებლებად დანიშვნას.
დირექტორების გარკვეულ ნაწილს არ გაუგრძელდა კონტარქტი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. ნაწილს გაუგრძელდა. როგორც ვხვდებით, იმ ნაწილს, რომელსაც, არ გაუგრძელეს სკოლებში კონტრაქტი, იგულისხმებოდა, რომ მათ უკვე ამოწურეს ორი ვადა, რაც კანონით არის გათვალისწინებული. თუმცა, მიუხედავად პროცედურული სამართლიანობისა, რომელიც სარჩულად ნამდვილად არის აქ წარმოდგენილი, მაინც არის ეჭვი, რომ იქ იყო პოლიტიკური გავლენაც. რეალურად, არ გვაქვს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გვეცოდინებოდა, ვის რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გაუგრძელეს და ვის – არა.
გასულ წელს გვქონდა კონსულტაცია განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ჩვენი რჩევა იყო (მსგავსი ინიციატივა გვესმის, რომ კანონით განსაზღვრული პროცედურაა და გასაგებია, რომ ახალი დირექტორების არჩევა საჭირო პროცესია), საარჩევნო პერიოდს არ დამთხვეოდა ეს და გადაწეულიყო. ძალიან ვწუხვართ, რომ მაშინ, რამდენიმე თვის წინ, ეს რჩევა თითქოს გაითვალისიწინეს, მაგრამ შემდგომში რეალურად არ მიჰყვნენ ამ რჩევას და გააკეთეს ზუსტად ისეთ დროს, როდესაც ნიადაგი ძალიან მყიფეა და ეჭვებიც გაჩნდა“, –განმარტა ირინა ხანთაძემ.
კომისიის შემადგენლობაში შედიან განათლების სპეციალისტები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები. კომისია მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე და მისი წევრობა ღიაა დაინტერესებულ პირთათვის. კომისიის წევრები არიან: ანა აბაშიძე (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის); რევაზ აფხაზავა (განათლების კოალიცია); ლიკა ზაკაშვილი (ონლაინგამოცემა „პუბლიკა“); მეგი კავთუაშვილი (მშობლები განათლებისთვის); კამილა მამედოვა (სათემო რადიო „მარნეული“); გიორგი ჭანტურია (განთლების კოალიცია); ირინა ხანთაძე (კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი).