რა მიზანი ჰქონდა კომენდანტის საათის შემოღებას - ნათია მეზვრიშვილის განმარტება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავი 2-თან“ კომენდანტის საათის შემოღების მიზეზსა და მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. მეზვრიშვილის თქმით, კომენდანტის საათი ქუჩებში მობილობის შემცირებას ისახავდა მიზნად, როგორც გადაადგილების, ისე თავყრილობების შეზღუდვით.

„კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე, როგორც სხვა შეზღუდვებს, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქვს ერთადერთი და უმთავრესი მიზანი – მობილობის შემცირება, მათ შორის, ქუჩაში.

კომენდანტის საათი ასე განყენებულად არ არსებობს. დაკავშირებულია, მაგალითად, იმასთან, რომ მოქალაქეებმა, რაკი იციან, რომ 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება, მობილობის შემცირება იწყება გაცილებით ადრე – 18:00, 19:00 საათიდან.

გარდა ამისა, ეს, გარკვეულწილად, აისახა თავშეყრებზეც. იმ თავყრილობებზე, რომლებიც ქუჩებში ე.წ. ბირჟების სახით იყო შებინდებისას. ამაზეც მოახდინა გარკვეული გავლენა, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც, რა თქმა უნდა, აისახება. რაციონალი, რაც ამის უკან დგას, დღესაც არსებობს. ისევე როგორც იმ სხვა შეზღუდვებზე, რომლებიც ძალაშია“, – განმარტა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კომენდანტის საათი, ჯერჯერობით, ძალაში რჩება სხვა შეზღუდვებთან ერთა,. მაგრამ თუკი სიტუაცია შეიცვლება და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესედება, ის შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდეც მოიხსნას.

„ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ 22 მაისამდე გაგრძელდება. თუ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამისი საჭიროება აღარ იქნება, ჩვენ შეგვიძლია, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები, ისე კომენდანტის საათი მოვხსნათ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან იქ გაცილებით რთულია სოციალური დისტანციის დაცვა და მისი კონტროლი“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.