რა მოხდა ბუკნარში | რელიგიური დაპირისპირება მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის

პუბლიკა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გუშინ, 12 იანვარს გვიან ღამით მოხდა. დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. ჰყვებიან, რომ მათ მიმართ ფიზიკურ მუქარას, მათ შორის, ქვების გამოყენებას, პერმანენტულად მიმართავენ.

„კვირებია, მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის დაპირისპირება სალოცავი ადგილის ყოფნა-არყოფნის საკითხია, ქრისტიანული თემი გვიკრძალავს“;

„მოითხოვენ, რომ სალოცავი ადგილი არ უნდა გვქონდეს სოფელში. გვეუბნებიან, სადღაც გარეთ, ჩოხატაურში გამოგიყოფთ ადგილს და იქ ილოცეთო. ჩვენ, შესაბამისად, მოვითხოვთ, სოფელში გვქონდეს სალოცავი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი მუსლიმი ბავშვი აღარ წავა სკოლაში“;

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გვქონდეს სამლოცველო, მშვიდობიანად ვილოცოთ… ამას ხელს უშლიან ადგილობრივი ქრისტიანები – ჩვენ ხელს გვიშლისო. ხდება ჯგუფური შეკრებები, ხდება გზაზე დახვედრა“, – აცხადებენ ადგილობრივები მედიასთან.

ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ქვებიც გამოიყენეს, რის შედეგადაც არასრულწლოვნები დაშავდნენ.

„მივმართეთ და დღემდე ვერ მივაღწიეთ კომპრომისს. დღეს კი გვაქვს პროგრესი. არასრულწლოვანი ბავშვები ჩაგვიქოლეს ქვებით. ერთი თვეა, დაახლოებით, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან, დადგებიან და მუსლიმებს გვაგინებენ. თავს ვიკავებდით იმის გამო, რომ რეაგირებას ველოდებოდით. თუ ამ ქვეყანაში და ამ სოფელში უნდა ვიცხოვროთ, გვეკუთვნის ერთი სალოცავი“;

„ორი ახალგაზრდა, 12 წლის ბავშვები წვანან საოპერაციოში და უკერავენ თავს. ვითხოვთ ეს ხალხსი 15-წუთიან ლოცვას, მეტს არაფერს“, – განაცხადეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა.

ექიმ თეიმურაზ კოროშინაძის განცხადებით, დაშავებულებს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა ჰქონდათ. მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მუნიციპალიტეტის მერმა მხარეებს დღეს, 13 იანვარს შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა. ირაკლი კუჭავას განცხადებით, მერია და სამართალდამცავი ორგანოები დაპირისპირების განსამუხტავად მაქსიმუმს აკეთებენ.

ჩოხატაურის რაიონის პოლიციაში დაპირისპირების მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ. ვითარების გასაცნობად გურიაში ჩავიდა აჭარის პოლიციის განყოფილების უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილიც.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

„სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია“, – ასე გამოემხაურა მომხდარს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.