2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლოს ტერიტორიაზე 24 წლის ბიჭი მოკლეს. დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ.-ს და მ. წ.-ს.
ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5 იანვარს ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა.
ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
2020 წლის 6 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა და მათ დაკავებასაც მოითხოვენ.