რა მოუვა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, თუ ენმ პარლამენტის მანდატებს დატოვებს?!

პუბლიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 31 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ  საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ განაცხადა.

დღეს კი გავრცელდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც ის მამუკა ხაზარაძეს გადაწყვეტილებას უწონებს და სხვებსაც მოუწოდებს, დატოვონ პარლამენტი.

„უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის წერილის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ნონა მამულაშვილმა და ანა წითლიძემ უკვე განაცხადეს დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ. მანდატს ტოვებს, მისივე განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძეც.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ  „ნაციონალური მოძრაობის“  ან მათთან კოალიციაში მყოფი სხვა პარტიების წევრებიც დატოვებენ საპარლამენტო მანდატებს?

19 აპრილს ხელმოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებით, ხელისუფლება და პარლამენტში მომუშავე პარტიები რამდენიმე ცვლილებაზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის შემცირება.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, ეს ვადამდელი არჩევნები, გასული წლის მსგავსად, 120+30 სისტემით უნდა ჩატარდეს, 1%-იანი ბარიერით, სადაც 30 მანდატს ისევ მაჟორიტარები დააკომპლექტებენ.

ამ სისტემას ცვლის შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს. შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა აისახოს, ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

სექტემბერში პარლამენტმა ამ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა, თუმცა „ქართულ ოცნება“ მეორე მოსმენისთვის მის 1%-ით გაზრდას და საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო სახით მიღებისას 3%-იან ბარიერს მოითხოვდა.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს, საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენაზე შესაძლოა, ხმები არ ეყოს. ამ შემთხვევაში კი არსებული სისტემა დარჩება – 120+30 განაწილებით.

თუკი მხედველობაში მივიღებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სრულად პროპორციული, 5%-იანი სისტემის პირობებში, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდა, უმრავლესობა ისევ მმართველ გუნდს დარჩებოდა.

წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით კი, პარლამენტში შევიდოდა სამი პარტია – „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია – საქართველოსთვის“.

როგორია ახლა პარლამენტის შემადგენლობა და რომელი ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს?

ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმების შემდეგ პარლამენტში ამჯერად 149 დეპუტატია, თუმცა მანდატებზე უარი თქვეს თავიდანვე ელენე ხოშტარიამ, თაკო ჩარკვიანმა და შალვა ნათელაშვილმა. დანარჩენი 146 დეპუტატი კი შემდეგნაირად ნაწილდება:

პირველ ეტაპზე პარლამენტში შესული პარტიები, სულ 99 მანდატი:

  • „ქართული ოცნება“ – 84;
  • გიორგი გახარიას გუნდი – 6;
  • „ევროპელი სოციალისტები“ – 4;
  • „გირჩი“ – 3;
  • „მოქალაქეები“ – 2.

პოლიტიკური ჯგუფები და დეპუტატები, რომლებმაც მოგვიანებით ჩაერთნენ საპარლამენტო საქმიანობაში (მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით), სულ 14 დეპუტატი:

  • „ლელო“ – 3;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3;
  • „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით გასული დეპუტატები, რომლებმაც ბლოკი დატოვეს (დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, ტარიელ ნაკაიძე, არმაზ ახვლედიანი, გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე) – 8.

ასე რომ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების მხარდასაჭერად, პირველ ეტაპზე შესულ 99 დეპუტატთან ერთად საჭიროა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოსა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით, შემდეგ კი ბლოკიდან წამოსული ყველა დეპუტატის მხარდაჭერაც.

ამ შემთხვევაში ხმას ზუსტად 113 დეპუტატი მისცემს, მაგრამ, თუკი, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში შესული „ლელოს“ გუნდი პარლამენტს მთლიანად დატოვებს, კონსტიტუციური კანონპროექტი ჩავარდება.

დღეს, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაშიც, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, მეორე და მესამე მოსმენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც, „ქართული ოცნება“ ისევ უმრავლესობაში დარჩება.