რა ნაწილში ფართოვდება მთავრობის უფლებამოსილება - ხუნდაძის განმარტება კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კანონში ცვლილებები საჭიროა, რათა მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეძლოს და მათ ამისთვის სჭირდებათ გარკვეული შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობა.  მან ასევე აღნიშნა, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის რომ სჭირდებოდეს კანონში ცვლილებები, ამის შესაძლებლობას დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ნორმებიც იძლევა. მან მაგალითად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერი მოიტანა. კერძოდ, ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია, არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებები გავრცელების საფრთხეს და ხელს უწყობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას.

„ის, რომ თითქოს ახალ ველოსიპედს ვიგონებთ, ნამდვილად არაა ეს ასე. არსებობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი, სადაც არის გაწერილი მკაცრი რეგულაციები, თუკი ხელისუფლება მოინდომებს ხელაღებით გამოიყენოს სათავისოდ და პოლიტიკური მიზნებისთვის ეს კანონი, ამის საშუალებას იძლევა. მაგრამ ეს კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ ამ ვითარებაში ბოლომდე დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – განაცხდა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, რადგან სრულდება საგანგებო მდგომარეობა, საჭიროა მინიმალური შეზღუდვები დარჩეს, რათა ხელისუფლებამ მართოს ეს კრიზისი.

„რადგან სრულდება საგანგებო მდგომარეობა, რომ არ დარჩეს ცარიელი სივრცე, ამისთვის ჩვენ უნდა დავიტოვოთ ის მინიმალური შეზღუდვები, რაც აუცილებელია და მისცემს საშუალებას, რომ ხელისუფლებამ სწორად მართოს ეს კრიზისები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, იურიდიულ ნაწილში რჩევებს მიიღებენ, რათა დაიხვეწოს ესა თუ ის ფორმულირება.

„თუ სამართლებრივ, იურიდიულ ნაწილში გექნებათ რჩევები, გვითხარით, ჩავწეროთ, დავაზღვიოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა.

რა ნაწილში ფართვდება მთავრობის უფლებამოსილება? საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება რომ მოხდეს, აქ კითხვა არავის დაებადება, რომ კლინიკები იყოს ჩართული. ასევე იმისთვის, რომ მთავრობამ მოახდინოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე – რამდენად შესაბამისობაშია  ცვლილებები კონსტიტუციასთან? – უპასუხა, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია.

„გარანტირებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ეს ჩანაწერი არაერთ ადგილას არის კონსტიტუციაში“, – განცხადა ხუნდაძემ.

შეკითხვაზე – რა ვადით გაფართოვდება ეს უფლებები? – უპასუხა, რომ ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული და ასეთი პროგნოზის გაკეთება რთულია.

„ჩვენ გვაქვს სამი შესაძლო არჩევანი – გავაგრძელოთ საგანგებო მდგომაროება; შევწყვიტოთ საგანგებო მდგომაროება, მაგრამ ხელისუფლება ამ რეგულაციებით კრიზისის მართვას ვერ შეძლებს; საგანგებო მდგომარეობის გარეშე აუცილებელი და მინიმალური შეზღუდვები დავიტოვოთ  და მივცეთ ამის უფლება ხელისუფლებას, რათა დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა.

პოლიტიკურ ეჭვიანობას ქვეყნის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს ვერ გადავაყოლებთ“, – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.