რა პირობებში უწევთ მუშაობა მოდელებს | მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფკავშირი შეიქმნა

პუბლიკა

მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიულმა კავშირმა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროფკავშირის წევრებმა და ასევე ამ ინდუსტრიაში დასაქმებულმა მოდელებმა შრომითი უფლებების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ისინი ამბობენ, საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებენ და ღიად საუბრობენ მოდის ინდუსტრიაში შრომითი ურთიერთობების მხრივ არსებულ პრობლემებზე.

შეხვედრამდე გაიმართა ახლად დაფუძნებული „მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ პრესკონფერენცია. დამფუძნებელმა და წევრებმა საზოგადოებას პროფკავშირის შექმნის მიზნები, მიზეზები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

პროფკავშირების დამფუძნებელმა ანა გავამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორია შრომითი ურთიერთობები ამ ინდუსტრიაში.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ გვჭირდება სივრცე, სადაც ელემენტარული ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული, უმეტეს შემთხვევებში მოდის კვირეულები, რომლებიც ტარდებოდა სხვადასხვა ლოკაციებზე, ვერ პასუხობს სანიტარიული მოთხოვნების ელემენტარულ სტანდარტებს.

პრობლემაა გამოსაცვლელი კუთხე, მესამე პირის წვდომის გარეშე ტანსაცმლის გამოცვლა გვიწევს უამრავი ადამიანის თანდასწრებით, მათ შორის მოწვეული სტუმრების, პრესის, ფოტოგრაფების, ტელევიზიების, რომლებიც საკმაოდ მარტივად ახერხებენ შემოსვლას „ბექსთეიჯში“, გვიღებენ ფოტოებს დაუკითხავად და ავრცელებენ ასახულ კადრებს მედიაში, რაც არავისთვის არ არის სასიამოვნო. სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ არ არის არც საპირფარეშოც კი იმ შენობაში, სადაც გვიწევს მუშაობა.

არ არსებობს მოსასვენებელი სივრცე, არ არის მოწესრიგებული კვების და ტრანსპორტირების საკითხი მოდის კვირეულების პერიოდში. გაუმართავია სამუშაო გრაფიკი. რეპეტიციები და შოუ ყოველთვის დაგვიანებით იწყება და შესაბამისად, სამუშაო საათებიც იზრდება ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. სერიოზული პრობლემაა ბულინგი, არაერთი დამწყები მოდელისთვის (და არამარტო) ცნობილია აგდებული დამოკიდებულება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მერსედესის თანამშრომლებისგან, -”  აცხადებს ანა გავა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ პრობლემად რჩება ანაზღაურების საკითხი, რადგან არ არსებობს ხელფასის მინიმალური ზღვარი და მოდელების დიდი ნაწილი უმეტეს შემთხვევაში მუშაობს ზეპირი შეთანხმებით, ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე. პრესკონფერენციის შემდეგ ამ და სხვა პრობლემებზე საუბარი დაინტერესებულ მხარეებთან გაგრძელდა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ “ქალთა ფონდი საქართველოში”, “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო”, ქვემო ქართლის მედია და ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის“. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.