რა პირობით შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოში უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით რეჟიმის გარკვეული შემსუბუქება იგეგმება. კერძოდ:

საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„მოგეხსენებათ, რომ ახლა მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის ამგვარი წესი: ისინი შემოდიან ან ნეგატიური PCR-ტესტით და გადადიან 8-დღიან თვითიზოლაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR-ტესტი ქვეყანაში შემოსვლისას, ექვემდებარებიან 12-დღიან თვითიზოლაციას.

1 თებერვლიდან რეგულარული ფრენის აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება – კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და ძველებულად 8-დღიან თვიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ და ასეთ შემთხვევაში თავისუფლები იქნებიან თვითიზოლაციისგან.

ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის,  ვისაც [შემოსვლისას] არ ექნება ნეგატიური PCR-ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება”, – განაცხადა თურნავამ.

უცხო ქვეყნის ვიზიტორებისთვის:

მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი ტიპის COVID-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (2 კურსის) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობო შემოსვლა.

რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში  – ექნებათ შესაძლობლობა, შემოვიდნენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. ანუ ჩვენ ვაუქმებთ თვითიზოლაციის ვალდებულებას”, – აცხადებს თურნავა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავიაკომპანიებს მიმართავენ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი ან COVID-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.