რა პოზიცია აქვთ პარტიებს ხვიჩიას შეთავაზებაზე

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციასთან კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს. როგორც დღეს ელისაშვილმა განაცხადა, შეხვდება „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ლელოს“, ასევე, სურვილის შემთხვევაში, – დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც და მმართველ გუნდსაც.

ალეკო ელისაშვილისთვის პრიორიტეტი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმაა. ეს პირობა, როგორც „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, ყველა მხარისთვის მისაღებია. მას ახალი შეთავაზება აქვს – თვითმმართველობის არჩევნებში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები.

რას ფიქრობენ შეხვედრამდე სხვა ოპოზიციური პარტიები? „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია ბოლო თვეებია, არ შეცვლილა:

„ნებისმიერმა პოზიციამ, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან არ იქნება დაკავშირებული, მეეჭვება, რომ ოპოზიციაში ჰპოვოს გამართლება. რატომ დავარქვათ არჩევნებს პლებისციტი? ბარემ პლებისციტი ჩავატაროთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმების გზით უნდა დაიძლიოს, ხელისუფლების უმოქმედობა კი ოპოზიციაში სხვადასხვა ვერსიის განხილვას იწვევს.

„მიუხედავად იმ ძალიან სამწუხარო რიტორიკისა და ტყუილებისა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მოვისმინეთ ალეკო ელისაშვილისგან, თუ მას შეუძლია ამ პროცესში რამე კონსტრუქციული ან დადებითი წვლილის შემოტანა, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ბუაძემ.

რიგგარეშე არჩევნები არის უცვლელი მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ის შემოთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით დაინიშნოს, ან არ დაინიშნოს, ჩემი პირადი გადმოსახედიდან, არის გაუგებრობა და აბსურდი. ეს ერთგვარი კაპიტულაციაა, რომ აი, დავნებდეთ, ოღონდ, პარლამენტში შევიდეთ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი.


ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებსა“ და იაგო ხვიჩიას თავმჯდომარეობით „გირჩს“ შორის კონსულტაციები დღეს, 14 იანვარს შედგა.

პარტიების თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვას აპირებენ როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიტპატიმრებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს, მისი პარტია პარლამენტში შევა.

„გირჩისთვის“ პრიორიტეტი სრულად პროპორციული არჩევნებია ბუნებრივი ბარიერით. პარტია ოპოზიციას შემდეგ წინადადებას სთავაზობს:

„ჩვენ ჯერ ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებასაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება – არჩატარების საკითხი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.