„ოცნების“ პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე ოხანაშვილს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს და განაცხადა, რომ გაცნობიერებული აქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია სუსის საქმიანობასთან, ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან.
„ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში მხედველობაში მისაღებია არაერთი ფაქტორი, მათ შორის, რეგიონში არსებული ვითარება და მთელ მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები.
2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველო გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა.
საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და სუსის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.
სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე ძალაშია. გაგრძელდება სუსის ეფექტიანი საქმიანობა არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად. ეს იქნება მიმართული აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ.
სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები.
ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემაა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენება, ადამიანების უკანონო დაკავება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხთან მიმართებით უნდა აღინიშნოს ის ისტორიული გამარჯვებები, რომლებსაც საერთაშორისო სასამართლოებში [ჰააგაში და სტრასბურგში] რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიაღწია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ.
ამასთანავე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, სტრასბურგში მოპოვებული ის გამარჯვებები, რომლებიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად მიაღწია.
მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს აქტიური მუშაობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.
ამასთანავე შესაბამისი მანდატის ფარგლებში გაგრძელება სუსის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში. სუსი ასევე განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
სუსის გამოწვევებს განეკუთვნება ასევე სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება. ამ მხრივ რესურსების მობილიზება.
სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა.
ამასთან, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის, სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, რისთვისაც, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.
აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თანამშრომლებს სუსთან მჭიდრო და ნაყოფიერი კოორდინაციისთვის. სუსი გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, საყურადღებოა ჰიბრიდული საფრთხეები.
„ამის ერთ-ერთი მაგალითია – სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანების მცდელობები.
სუსი უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას. მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებები“, – განაცხადა მან.
გამოსვლაში ოხანაშვილმა ისაუბრა ასევე კიბერდანაშაულის წინააღმდეგ რეაგირებაზე და სხვა სახის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაზე.
მისივე თქმით, უწყების პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული მიმართულება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ანრი ოხანაშვილისთვის კომიტეტის წევრების შეკითხვების ნაწილი დაიხურა.