რა რეკომედაციებით მიმართეს გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს

პუბლიკა

დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში გაეროს წევრმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციები გაუზიარეს.

პერიოდული მიმოხილვის სესიაზე წევრი ქვეყნების მიერ სამოქალაქო საზოაგდოების მიერ გაზიარებული თემები რეკომენდაციის სახით გაიცა.

სესიაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო სასამართლო სისტემასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ რეკომენდაციებს, რომლითაც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში მიმართეს.

ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში სასამართლოს რეფორმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოთა მიერ დადებითად შეფასდა, თუმცა რეკომენდაციების რაოდენობა მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს თემა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.

ამდენად, სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს, გააძლიერონ მუშაობა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. გაერთიანებული სამეფოს რეკომენდაციის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. თავის გამოსვლაში აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას, გამოყო პრობლემები, მათ შორის, კლანური მმართველობა. ისაუბრა რეფორმების აუცილებლობაზე, მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით დანიშვნაზე და მოუწოდა სახელმწიფოს, გაითვალისწინოს რეკომენდაციები.

ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა, სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს რეკომენდაციებით მიმართეს: კანადამ, ნიდერლანდების სამეფომ, ნორვეგიის სამეფომ, ბელგიის სამეფომ, ლატვიის რესპუბლიკამ, ავსტრიის რესპუბლიკამ და სხვა ქვეყნებმა.

ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნულ სფეროებში დამატებითი რეკომენდაციები მისცეს.

დანიის წარმომადგენელმა საქართველოს სექსუალური ძალადობის დეფინიციის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა ურჩია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე განიხილავს.

სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ეხებოდა ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან, მათ შორის, პროსტიტუციასთან ბრძოლას (სადაც საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება ლანზაროტის კონვენციის მოთხოვნებს), ბავშვობის ასაკში და იძულებით ქორწინებასა და მსხვერპლისთვის სათანადო დაცვისა და დახმარების აღმოჩენას.

სესიაზე ასევე გაჟღერდა გამოწვევები თემებზე – დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ლგბტქი ადამიანების უფლებები.

ამასთან, საქართველომ განხილვის ფარგლებში მიიღო უფრო კონკრეტული სახის რეკომენდაციებიც, მათ შორის, ეპანეთისგან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით; შვედეთისგან – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა განხორციელდეს ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სოგი-ს ნიშნით, დისკრიმინაციისგან თავისუფლად.

რეკომენდაციები ასევე უკავშირდება სიძულვილის, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და სათანადო გამოძიებას, მათ შორის ლგბტქი ადამიანების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში (ნიდერლანდების სამეფო, ვენესუელა, ელ-სალვადორი). ასევე მნიშვნელოვანია ლუქსემბურგის მიერ სექსუალური და რეპროდუქციუული ჯანმრთელობის უფლების დაცვის რეკომენდაციის გაჟღერება ყველა ქალის, მათ შორის მოწყვლადი ქალების მიმართ.

წევრმა ქვეყნებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ბავშვებთა უფლებების ჭრილში სოციალური პროგრამებისა და  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის სერვისების განვითარებაზე. გაჟღერდა რეკომენდაციები ბავშვთა უფლებათა კოდექსის განხორციელების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შშმ პირთა უფლებების და შშმ პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას. გაჟღერდა რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა შშმ ბავშვთა განათლებაზე წვდომის.

რეკოემნდაციები შეეხო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას, კერძოდ, სექსუალური და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების უნივერსალურ წვდომას. ყოვლისმომცველ სასკოლო განათლებას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სახელმწიფო სტრატეგიის ადეკვატურ იმპლემენტაციას და ზომების გატარებას დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შესამცირებლად. აღნიშნული რეკომენდაციები გასცეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ესპანეთმა, შრი ლანკამ, ურუგვაიმ, ეთიოპიამ, საფრანგეთმა, ისლანდიამ, მექსიკამ, ლუქსემბურგმა და პანამამ.

„შრომითი უფლებების მიმართულებით რეკომენდაციები შეეხებოდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება (შრი ლანკა), გენდერულად დაბალანსებული შრომითი ანაზღაურება (ბრაზილია) და სამართლიანი შრომითი პირობების უზრუნველყოფა (ნორვეგია).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება 2021 წლის 1 იანვრიდან ერთ-ერთ მიღწევად დასახელდა, თუმცა არაფერი თქმულა შრომის ინსპექციის ადამიანური და მატერიალური რესურსებით აღჭურვის აუცილებლობაზე, რის შესახებაც რეკომენდაცია საქართველომ UPR-ის ფარგლებში უკვე მიიღო (ნორვეგია).

UPR-ის წინა ციკლისგან განსხვავებით, მიმდინარე განხილვების ფარგლებში სახელმწიფოების რეკომენდაციებში მოხვდა EMC-ის მიერ საერთაშორისო ანგარიშგებისას დაყენებული საკითხები სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით.

კერძოდ, ზოგადი რეკომენდაცია გაიცა უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით (ვენესუელა), ასევე, საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, შეიმუშავოს საცხოვრისის რეგულატორული ჩარჩო, რელევანტური სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების მეშვეობით როგორც უსახლკარო პირებისთვის, ასევე დევნილებისთვის (პარაგვაი), “- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და საქართველოს მათი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანია განხორციელდა UPR Info- სა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები: სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში; კოალიცია „თანასწორობისთვის“; კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); პლატფორმა სალამი; ასოციაცია ჰერა XXI; Equality Now